ვითხოვთ სამეგრელოს პოლიტიკურ ავტონომიას - აქციის მონაწილეები [ვიდეო]
აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის, იური ღვინჯილიას განცხადებით, არც მოქმედმა და არც წინამორბედმა ხელისუფლებამ არ ისურვა მეგრული, სვანური და ლაზური ენების დაცვა, შესაბამისად ახლა იძულებული არიან მოთხოვნებს პოლიტიკურიც დაუმატონ - ხელისუფლება დატოვოს „ქართულმა ოცნებამ“. ამასთან, იური ღვინჯილია ამბობს, რომ თავად პრობლემის გადაჭრის გზას მხოლოდ სამეგრელოს პოლიტიკურ ავტონომიაში ხედავს.

„ენების პრობლემა არის იგნორირებული და ჩვენც იძულებული ვართ პოლიტიკურ მოთხოვნებზე გადავიდეთ. მე მიმაჩნია, რომ სამეგრელოს პოლიტიკური ავტონომიის გარეშე ეს და სხვა პრობლემები დარჩება მოუგვარებელი. სამეგრელოში შექმნილია ეთნოკონფლიქტის წინაპირობა“, - განაცხადა იური ღვინჯილიამ.
აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ თანდათანობით მცირდება ქართველურ ენებზე მოსაუბრეთა რაოდენობა, რაც ამ ენების განადგურების წინაპირობაა.
შემოქმედთა გაერთიანება „აიას“ თავმჯდომარე ედემ იზორიამ „ლაივპრესს“ უთხრა, რომ ისინი არ დაიღლებიან და აქციებს გამართვენ მანამ, სანამ სახელმწიფო მეგრული ენის დასაცავად კონკრეტულ ნაბიჯებს არ გადადგამს. მას აქციებზე გამოსვლისას არაერთხელ უთქვამს, რომ გამოსავალს ბაღებსა და სკოლებში მეგრული ენის სწავლებაში ხედავს.

აქციას დღესაც შეუერთდნენ სამეგრელოს სხვა მუნიციპალიტეტებიდან, კერძოდ სენაკიდან და მარტვილიდან. საუბარია რამდენიმე მოქალაქეზე, რომლებიც 6 თებერვალს გამართულ აქციაშიც იღებდნენ მონაწილეობას.
6 თებერვალს აქციის მონაწილეებმა სამხარეო ადმინისტრაციის შენობიდან ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისთან გადაინაცვლეს. 11 თებერვალს კი ისინი დახურულ ფორმატში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ადგილობრივი ოფისის წევრებს შეხვდნენ.
ზუგდიდში პერიოდულად იმართება აქციები მეგრულ-ლაზურ სვანური ენების დაცვის მოთხოვნით.