ზუგდიდის ხუთ საბავშვო ბაღს შემოწმების შემდეგ გაზის მიწოდება შეუწყდა
„იმ ადგილებში სადაც დანადგარებია, არ არის გასანიავებელი სარკმელი. ანუ არ ხდებოდა ჟანგბადით მომარაგება ადგილების სადაც ხდება გაზის მოხმარება. საუბარია სამზარეულოებზე. ბაღებს ჩვენთან თავადაც ჰქნოდათ წერილი, რომ შემოვლა გაგვეკეთებინა, რაც ჩვენ ისედაც გვქონდა გეგმაში. ახლა ტარდება გადამოწმების არაგეგმიური სამუშაოები და ამ გადამოწმების შედეგად გამოვლინდა ხარვეზები. მათ მიეცათ გონივრული ვადა, გამოსასწორებლად“, - განაცხადა გიორგი დარსანიამ. მისივე სიტყვებით, გაზის მიწოდება აღდგება მაშინვე, როგორც კი ხარვეზები გამოსწორდება. ბაღებმა სამზარეულოებში უნდა გააკეთოთ სარკმელი.
გიორგი დარსანიას ინფორმაციით, გაითვალისწინეს საბავშვო ბაღში მუშა პროცესი და პარასკევს, 22 თებერვალს, გაზი მას შემდეგ გათიშეს, რაც ბავშვებისთვის საკვების დამზადება დასრულდა.
„მათ ჰქონდათ შაბათ-კვირა იმისთვის, რომ ეს ხარვეზები გამოესწორებინათ“, - გვითხრა „სოკარ ჯორჯია გაზის“ ადგილობრივი სერვისცენტრის ხელმძღვანელმა.
ამ დროისთვის გაზი არ მიეწოდება სოფელ ხურჩის, ახალსოფლის, ქალაქში მე-16-ე და მე-13 საბავშვო ბაღებს. როგორც „ლაივპრესს“ ზუგდიდის მერიის „სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებათა ცენტრში“ განუცხადეს , ხარვეზების აღმოსაფხვრელად სამუშაოები მიმდინარეობს, რომელიც დღის ბოლოსთვის დასრულდება. აქვე ადასტურებენ, რომ შემოწმება უსაფრთხოების ზომების დაცვის მიზნით მათივე განცხადების საფუძველზე ჩატარდა.
ცენტრის ინფორმაციით, საბავშვო ბაღებს სასწავლო პროცესი არ შეუწყვეტიათ და ბუნებრივი აირის გამათბობელები ელექტრო ღუმელებით ჩაანაცვლეს. ცენტრის ინფორმაციით, იყო შემთხვევა, როცა ბავშვი ბაღიდან მხოლოდ მშობლის სურვილით გაიყვანეს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 62 საბავშვო ბაღიდან 23-ს ემსახურება „სოკარ ჯორჯია გაზი“.