ახალი ამბები
სასტუმროს აშენების შემთხვევაში სკეიტ პარკის ტერიტორია მოქალაქეებისთვის ღია დარჩება - ინვესტორი
დეველოპერულ კომპანია „m²-ში“ აცხადებენ, რომ სასტუმროს აშენების შემთხვევაში სკეიტ პარკის ტერიტორია საჯარო იქნება.

„ეს ტერიტორია იქნება ყველასთვის. ვფიქრობთ, რომ ეს აუცილებლად უნდა იყოს სარეკრეაციო ზონა და იყოს გამწვანებული, ადაპტირებული სკვერით, რომელიც იქნება ღია ბავშვების და ნებისმიერი მსურველისთვის, ვისაც იქ გასეირნება მოუნდება. ეს ის თემაა, რაზეც გვინდა მოსახლეობის ჩართულობა და რეკომენდაციები. სასტუმროს ტერიტორია შიგნით, იქნება სასტუმროსი, ხოლო გარეთ, ყველაფერი, რასაც გავამწვანებთ და გავაჯანსაღებთ, იქნება ყველასთვის“, - უთხრა „ლაივპრესს“ კომპანიის გენერალური დირექტორის მოადგილე ნინო რუხაძემ.

მისივე თქმით, კომპანია ზუგდიდში მოქალაქეებთან საჯარო განხილვების გამართვას ისევ გეგმავს.

19 თებერვალს, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში, სკეიტ პარკის ტერიტორიაზე ახალი სასტუმროს პროექტის საჯარო განხილვა გაიმართა. შეხვედრას ადგილობრივი ხელისუფლების, ოპოზიციის, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები და მოქალაქეები ესწრებოდნენ.

შეხვედრაზე კომპანიის გენერალურმა დირექტორმა ირაკლი ბურდილაძემ სასტუმროს კონცეფცია წარადგინა, რომელიც 1 ჰექტარზეა გათვლილი. კონცეფციის მიხედვით, სასტუმრო აშენდება 3500 კვადრატულ მეტრზე, ხოლო დანარჩენი ტერიტორიის მწვანედ განაშენიანება იგეგმება.

მოქალაქეების ნაწილისთვის სკეიტ პარკის ტერიტორიაზე სასტუმროს მშენებლობა მიუღებელია. ამ მიზეზით, ზუგდიდში საპროტესტო აქცია რამდენჯერმე გაიმართა.

„ლაივპრესის“ ფეისბუკის გვერდზე გამართულ გამოკითხვაში მონაწილეთა 21% ეთანხმება სკეიტ პარკის ტერიტორიაზე სასტუმროს მშენებლობას, 79% კი წინააღმდეგია.