ახალი ამბები
სასტუმროს მშენებლობა საფრთხეს შეუქმნის ისტორიულ სასახლეებს - ლილი ბერაია
სკეიტ პარკის ტერიტორიაზე სასტუმროს მშენებლობის წინააღმდეგია ზუგდიდის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის დირექტორი. ლილი ბერაიას თქმით, აქ მწვანე საფარი უნდა იყოს. მისივე ინფორმაციით, ადრე იგეგმებოდა მთელს პერიმეტრზე პარკის გაშენება, რომელიც რაფიელ ერისთავის ხეივანს უნდა შეერთებოდა.

მუზეუმის დირექტორის ცნობით, სამშენებლო სამუშაოები საფრთხეს წარმოადგენს ნიკოს და ეკატერინე ჭავჭავაძის სასახლეებისთვის.

„ამორტიზებული, ფეოდალური ხანის სასახლეებია. მის ახლოს, 250 მეტრის გარშემო და მის იქითაც არ უნდა გაშენდეს არაფერი. ვისაც ჩვენი ქალაქი უყვარს და ვინც არის ნამდვილი ზუგდიდელი, უარი უნდა თქვას ამაზე და არ უნდა მივცეთ საშუალება იმ ხალხს, ვინც ამის გაკეთებას ცდილობს“, - უთხრა ლილი ბერაიამ „ლაივპრესს“.

მუზეუმის დირექტორი შიშობს, რომ სასტუმროს პარარელურად, წლების შემდეგ აქ ვიღაცამ შესაძლოა კერძო საცხოვრებელი სახლების ჩადგმა გადაწყვიტოს. ამიტომაც, ინიციატივას კარგ ტონად და სწორ ქმედებად ვერ შეაფასებს.

მისივე თქმით, რამდენჯერმე იყო მცდელობა მუზეუმის მიმდებარედ სასტუმროს მშენებლობის, თუმცა მაშინ წინააღმდეგობების შედეგად ეს ვერ მოხერხდა.

„ჩვენს გვერდით, თეატრონი რომ არის, მერამდენედ გაიყიდა ეს ტერიტორია. რომ ამბობენ 2007 წელსო, მანამდე ორჯერ იყო გაყიდული. „გადარჩენის“ ფონდმა, ჩვენც ვიბრძოლეთ, თორემ ნიკოს სასახლის წინ გვექნებოდა სამსართულია სასტუმრო, სპორტული დარბაზით და ტელევიზია“, - გვითხრა ლილი ბერაიამ.

მუზეუმის დირექტორი ფიქრობს, რომ წინადადება ამ ტერიტორიაზე სასტუმროს მშენებლობის, „m²-ს“ ვერ გაუჩნდებოდა, არამედ იდეა ზუგდიდიდან მიაწოდეს.

მისივე თქმით, ეს მონაკვეთი ადრე დადიანებს ეკუთვნოდა, რასაც მარი ბროსეს ჩანაწერებიც მოწმობს, რომელიც სამეგრელოში პირველ სტუმრობას ეხება.

„ეკატერინესთან სასახლეში როგორ მოდის ეტლით და აღწერს, მიმოზების და მაგნოლიების სუნი იფრქვეოდაო ყველგან. დადიანებს ასეთი პატარ მიწის ნაკვეთი კი არ ჰქონდათ. ვიღაცები ამბობენ, დადიანებს არასდროს ეკუთვნოდათო. აბა ვისი იყო?“, - გვითხრა ლილი ბერაიამ.

სკეიტ პარკის ტერიტორიის მიმდებარედ სასტუმროს მშენებლობას მოწინააღმდეგეები ჰყავს. ადგილობრივი ხელისუფლება თანახმაა, თუმცა მოქალაქეთა ნაწილი, არასამთავრობო ორგანიზაციები თუ ოპოზიცია საკითხს აპროტესტებს. უკმაყოფილება მათ აქციებზეც დააფიქსირეს. საკითხზე იმსჯელეს ადგილობრივი ხელისუფლების მონაწილეობით გამართულ შეხვედრაზეც.

დეველოპერულ კომპანია „m²-ში“ ირწმუნებიან - სასტუმროს აშენების შემთხვევაში სკეიტ პარკის ტერიტორია საჯარო იქნება. ასევე, იღებენ სხვადასხვა ვალდებულებას.

ისინი იღებენ ვალდებულებას, სასტუმროს აშენების პარარელურად, ყინულის მოედანი საკუთარი ხარჯებით სხვა ტერიტორიაზე გადაიტანონ. ასევე, სასტუმროს მიმდებარედ მიწის ნაკვეთი მოაწესრიგოს და პროფსასწავლებელი ააშენოს.

ზუგდიდის მერიაში ამბობენ, რომ სკეიტ პარკის ტერიტორიას, მათ შორის იმ ნაწილს, სადაც სასტუმროს მშენებლობის საკითხი განიხილება, პერსპექტიული რეკრეაციული ზონის სტატუსი აქვს. ამჟამად ადგილობრივი ხელისუფლება მიწათსარგებლობის და განაშენიანების ახალ გეგმაზე მუშაობს.