ახალი ამბები
ზუგდიდში საბჭოთა დასახელების სამ ქუჩას სახელი შეეცვლება
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ურბანული განვითარებისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიამ დღეს რამდენიმე ქუჩისთვის სახელის გადარქმევა განიხილა. მათ შორის არის საბჭოთა სახელების მატარებელი ქუჩები.

კომისიის თავმჯდომარე ირაკლი ლაგვილავას განცხადებით, იგეგმება ოსტროვსკის, კიკვიძის და კრასნოდარის ქუჩებისთვის სახელების გადარქმევა.

„ოსტროვსკიმ ბოლშევიზმის მეხოტბე ნაწარმოები - როგორ იწრთობოდა ფოლადი შექმნა. მე მქონდა ინიციატივა, რომ ამ ქუჩისთვის იტალიელი მოგზაურის, არქანჯელო ლამბერტის სახელი დაგვერქმია, მაგრამ მოსახლეობასთან კომუნიკაციის შემდეგ შევთანხმდით, რომ ამ ქუჩას ეწოდოს ბერი ალექსი შუშანიას სახელი. კიკვიძის ქუჩას გვინდა ვუწოდოთ მშვიდობის, კრასნოდარის კი ლევან გოთუას სახელი“, - გვითხრა ირაკლი ლაგვილავამ.

დეპუტატმა ოსტროვსკის, კიკვიძის და კრასნოდარის ქუჩებისთვის სახელების შეცვლის ინიციატივა 12 თებერვალს წამოაყენა.