მუზეუმიდან გათავისუფლებული გიდი სამსახურში დააბრუნეს
„2019 წლის პირველ მარტს ელზა ზოდელავა აღდგენილ იქნას სსიპ დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის ექსკურსიამძღოლის თანამდებობაზე. ხელფასი დაენიშნოს მუზეუმის საკუთარი შემოსავლებიდან 350 ლარის ოდენობით, საშემოსავლო გადასახადების ჩათვლით“, - ნათქვამია ბრძანებაში, რომელსაც ხელს დირექტორი, ლილი ბერაია აწერს.
ელზა ზოდელა ამბობს, რომ ეს ორწლიანი ბრძოლის შედეგია, და რომ სამსახურში მისვლას ხვალ, 2 მარტს გეგმავს.
ის წლების მანძილზე მუზეუმის ექსკურსიამძღოლად მუშაობდა. დირექტორმა ლილი ბერაიამ 2017 წლის 1 თებერვალის ბრძანების საფუძველზე თანამდებობიდან გაათავისუფლა რეორგანიზაციის მიზეზით, რაც გიდმა ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში გაასაჩივრა.
პირველი ინსტანციის სასამართლომ არ დააკმაყოფილა ელზა ზოდელავას მოთხოვნა, რასაც არ დაეთანხმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლო და სრულად დააკმაყოფილა სარჩელი.
საქმეში მოგვიანებით ელზა ზოდელავას მოთხოვნით ჩაერთო სააღსრულებლო ბიუროც. სამსახურში აღდგენის საკითხის შესწავლა პროკურატურამ პოლიციას დაავალა.
მუზეუმის დირექტორმა გადაცემაში „პირისპირ ლაივპრესთან“ განაცხადა, რომ ის მზად არის სასამართლოს გადაწყვეტილების აღსასრულებლად, თუმცა შტატი არ აქვს და ამის გაკეთება სავარაუდოდ მუზეუმის შემოსავლების ხარჯზე მოუწევს.