ახალი ამბები
ყოფილი მერის საქმესთან დაკავშირებული ბიზნესმენი ცაიშის კურორტით დაინტერესდა
ცაიშის ბალნეოლოგიური კურორტით რუსეთში მცხოვრები ბიზნესმენი ზურაბ კვირკვია დაინტერესდა. ინფორმაცია „ლაივპრესს” ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიაში დაუდასტურეს. პრესსამსახურში მოკლე კომენტარით შემოიფარგლნენ და განმარტეს, რომ ბიზნესმენი აწარმოებს მოლაპარაკებებს ეკონომიკის სამინისტროსთან. იგივეს აცხადებენ სამეგრელო-ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაშიც.

ზურაბ კვირკვია ზუგდიდის დაკავებული მერის და მისი მოადგილის საქმესთან დაკავშირებული ბიზნესმენია. ის საქმეზე დაკითხულია მოწმის სახით.

აუდიოჩანაწერში, რომელიც ყოფილი მაღალჩინოსნების საქმეში მტკიცებულების სახით დევს, ბიზნესმენი ზუგდიდის ყოფილ მერთან, ლაშა გოგიასთან და ვიცე-მერთან, გია გულორდავასთან კორუფციულ გარიგებაზე საუბრობს. ჩანაწერის მიხედვით, რომელიც ტელეკომპანია „რუსთავი2-მა” გამოაქვეყნა, ბიზნესმენი მერს კორუფციაში ამხელს და მისთვის გადახდილი თანხის უკან დაბრუნებას სთხოვს. ექსპერტიზის დასკვნით ჩანაწერი ავთენტურია.

წინასწარი ინფორმაციით, ჩინოვნიკებს თანხა რუსეთში მცხოვრებმა ბიზნესმენმა, ზურაბ კვირკვიამ კონკრეტული ობიექტების შეძენის სურვილით გადაუხადა, თუმცა, თანამდებობის პირებმა დანაპირები ვერ შეასრულეს, რამაც ბიზნესმენის უკმაყოფილება გამოიწვია.

გარიგების თანახმად, კვირიკვიას ავტოსადგური, გულუას პარკი და რკინიგზის სადგური უნდა გადასცემოდა. უნდა გამოცხადებულიყო ტენდერი და ეს ტერიტორია დაბალ ფასად გადასცემოდა ბიზნესმენს, რაც ასე არ მოხდა.

ლაშა გოგიას ადვოკატი ნიკოლოზ მჟავანაძე აცხადებს, რომ ბიზნესმენი ზუგდიდის მაჟორიტარ დეპუტატ ედიშერ თოლორაიასთან დაახლოებული პირია. ამბობს, რომ აუდიოჩანაწერიც პირველდ კვირკვიამ მაჟორიტართან მიიტანა.

„თუ პროკურატურა მიიჩნევს, რომ ეს ჩანაწერი ბრალდების დამადასტურებელი მტკიცებულებაა, მაშინ ედიშერ თოლორაიამ, რომელმაც ეს ჩანაწერი მიიღო და არ მიმართა შესაბამის ორგანოებს, რატომ არ დაეკისრა ამაზე პასუხისმგებლობა“, - განაცხადა ადვოკატმა.

ედიშერ თოლორაიას ბიუროში ამ საკითხზე კომენტარს არ აკეთებენ.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ ზუგდიდის ყოფილი მერი ლაშა გოგია და ვიცე-მერი გია გულორდავა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ბრალდებით 2018 წლის ნოემბერში დააკავა. დეკემბერში კი ამავე საქმეზე მერიის ეკონომიკური პოლიტიკისა და სერვისების მართვის სამსახურის უფროსი თენგიზ ქობალია დანაშაულის შეუტყობინებლობის, ხოლო მოქალაქე ხუტა ბაღათურია ცრუ ჩვენებისთვის დააკავეს.

დაკავებულები ბრალს არ აღიარებენ.