„ქურდული სამყაროს“ წევრობის ბრალდებით დაკავებულებს წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ
დაკავებულის ადვოკატის ჯიტა გულუას თქმით, სასამართლომ არ გაითვალისწინა მისი შუამდგომლობა გირაოს სანაცვლოდ დაკავებულების გათავისუფლების შესახებ.
„მივმართე სასამართლოს შუამდგომლობით, თითოეულზე ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის გირაოს გადახდის სანაცვლოდ გათავისუფლების შესახებ, თუმცა სასამრთლომ ჩვენი შუამდგომლობა არ გაითვალისწინა“, - უთხრა „ლაივპრესს“ ჯიტა გულუამ.
დაკავებულებს სასამართლოს პროცესის გამართვამდე ბრალი წარუდგინეს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2 მარტს, სენაკსა და ფოთში ერთდროულად ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად 3 პირი დააკავა.
სამინისტროს ცნობით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულები „ქურდული სამყაროს“ მიერ დადგენილი წესებით მოქმედებდნენ. მათ კავშირი ჰქონდათ უცხოეთში მყოფ ე.წ. „კანონიერ ქურდებთან“ - ლავას ოღლი, იგივე მინდია გორაძესთან, ჯუმბერ ბაირამიდთან (ზედმეტსახელად „ბონჩო"), სტავრო ბაირამიდთან - (ზედმეტსახელად „როკო"), დათო ჩხიკვიშვილთან, მერაბ მზარელუასთან და როლანდ გეგეჭკორთან.
გამოძიება ქურდული სამყაროს წევრობის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით. ჩადენილი დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.