ახალი ამბები
პროკურატურამ გაასაჯაროვა წერილის ასლი, რომლითაც ხაზარაძის თქმით გახარია დაემუქრა
მამუკა ხაზარაძემ დაკითხვისას წარმოადგინა კომპიუტერულ პრინტერზე დაბეჭდილი ე.წ. დოკუმენტი, რომელსაც არ გააჩნია არანაირი მაიდენტიფიცირებელი მონაცემები და ნიშნები, - განაცხადეს მთავარ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე. საგამოძიებო ორგანოს განმარტებით, ამ ფურცელს არც შედგენის თარიღი, ადგილი, შემდგენის ვინაობა, ხელმოწერა ერთვის თან.

მათივე თქმით, ხაზარაძემ სიტყვიერად აღნიშნა, რომ მუქარის წერილის დედანი კვლევისთვის საზღვარგარეთ აქვს გაგზავნილი და ამიტომ, გამოძიებას წარმოუდგინა მხოლოდ „ამ ე.წ. დოკუმენტის ასლი“. პროკურატურა ამბობს, რომ არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, მამუკა ხაზარაძემ არ დაასახელა იმ შუამავლის ვინაობა, ვინც მას ეს „ე.წ. წერილი“, მისი სიტყვების თანახმად, გადასცა.

„აღნიშნულ გარემოებათა გათვალისწინებით, გამოძიება, ამ ეტაპზე, მოკლებულია მამუკა ხაზარაძის მიერ მოწოდებული ინფორმაციის გადამოწმების და მისი უტყუარობის დადგენის შესაძლებლობას, რადგან ვერც დოკუმენტის ავთენტიკურობის დადგენის მიზნით მოახდენს ექსპერტული კვლევის ინიცირებას, რადგან სახეზე მხოლოდ ე.წ. დოკუმენტის ასლია და ვერც ე.წ. შუამავალს დაკითხავს, მოწმე ხაზარაძის მიერ მისი ვინაობის გაუმჟღავნებლობის გამო“, - აცხადებს პროკურატურა.

საგამოძიებო ორგანოს განმარტებით, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, საქართველოს გენერალური პროკურატურა აქვეყნებს სასამართლოში მამუკა ხაზარაძის მიერ წარდგენილ ე.წ. დოკუმენტს და კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ სასამართლოში დაკითხვისას მოწმე ხაზარაძემ სრულყოფილად არ ითანამშრომლა გამოძიებასთან.

წერილში საუბარია ტელეკომპანია პირველზე, რომ მან სარედაქციო პოლიტიკა უნდა შეიცვალოს და ის „იმედის” მსგავსი უნდა გახდეს და მაუწყებლობის საგანგებო რეჟიმზე უნდა გადავიდეს. აღნიშნულია ისიც, რომ მამუკა ხაზარაძემ უნდა განაცხადოს - მისთვის მიუღებელია „ნაციონალური მოძრაობის“ რევანში, რომ ქართულ ბიზნესს კარგად ახსოვს, როგორ ექცეოდნენ მას მათი მმართველობის პირობებში.

„ამ პირობებში მზად ვართ ვაწარმოოთ ჯანსაღი მოლაპარაკებები ყველანაირი წინაპირობის გარეშე. წინააღმდეგ შემთხვევაში გამოვიყენებთ ჩვენს ხელთ არსებულ ყველა სამართლებრივ ობიექტურ საშუალებას, და გავაკეთებთ ამას საჯაროდ, შიდა და საერთაშორისო მომხმარებლებისთვის“, - ნათქვამია წერილში.

ხაზარაძე 5 მარტს იგი მოწმის სახით დამატებით დაიკითხა თბილისის საქალაქო სასამართლოში.

„თიბისი ბანკის“ დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის განცხადებით, მუქარის წერილი შინაგან საქმეთა მინისტრ და ვიცე პრემიერ გიორგი გახარიასგან მიიღო საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ, სადაც მათი რეპუტაციის დანგრევაზე იყო საუბარი.

ბრალდებებს უარყოფს შს მინისტრი. მისი თქმით, ყველას მოუწევს პასუხისგება თავის ვალდებულებებსა და სიტყვებზე.