ახალი ამბები
სამი ცნობილი აფხაზი ქალის ამბავი
პირველი მფრინავი აფხაზი ქალი, ლეიტენანტი მერი ავიძბა

დაიბადა 1917 წელს, 24 იანვარს სოხუმში. საქართველოს პარლამენტის ბიბლიოთეკაში დაცული ცნობების თანახმად, მან დაამთავრა რუსეთში, ქალაქ ბატაისკის მფრინავთა სკოლა. მუშაობდა სოხუმის აეროკლუბში. მეორე მსოფლიო ომის დროს, იბრძოდა ფრონტის სხვადასხვა ხაზზე. განახორციელა 477 საბრძოლო გაფრენა. იყო შტურმანი, გვარდიის ლეიტენანტი. გარდაიცვალა 1986 წელს, 69 წლის ასაკში აფხაზეთში. მიღებული აქვს სხვადასხვა ხარისხის მედალი და ორდენები. მერი ავიძბას ოჯახის და შთამომავლების შესახებ ცნობები არ მოიპოვება.

კონტრრევოლუციონერი, რეპრესიების სასტიკი მსხვერპლი, სარია ლაკობა

აფხაზეთის ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარის, ნესტორ ლაკობას მეუღლე, სარია ლაკობა 1905 წელს დაიბადა. ლაკობების ოჯახი გასული საუკუნის ოცდაათიან წლებში სასტიკი რეპრესიების მსხვერპლი გახდა. 1937 წელს სარია ლაკობა აფხაზეთში მემარჯვენეთა კონტრრევოლუციური ორგანიზაციის წევრობისთვის დააპატიმრეს. მისგან საბჭოთა ხელისუფლება შეთითხნილი ბრალდების აღიარებას მოითხოვდა. შვიდი თვის განმავლობაში სასტიკად აწამებდნენ სარიას. ერთადერთი შვილის გადარჩენის მიზნით, საბოლოოდ მაინც აღიარა ის დანაშაული, რომელიც არ ჩაუდენია. სარია ლაკობას სასჯელის უმაღლესი ზომა - დახვრეტა მიესაჯა.

ოლიმპიური თამაშების ვერცხლის პრიზიორი, საიდა გუნბა

მძლეოსანი, ოლიმპიური თამაშების ვერცხლის პრიზიორი, საიდა გუნბა 1959 წლის 30 აგვისტოს ქალაქ სოხუმში დაიბადა. 1981 წელს დაამთავრა საქართველოს ფიზკულტურის ინსტიტუტი. იყო შუბის ტყორცნაში მოსკოვის ოლიმპიური თამაშების (1980) ვერცხლის პრიზიორი, სსრკ ჩემპიონი (1978) და სსრკ ხალხთა VII სპარტაკიადის ჩემპიონი (1979), სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი. საიდა გუნბა სხვა სპორტულ ტიტულებთან ერთად, მესამე ხარისხის დიდების ორდენის კავალერიც იყო. გარდაიცვალა 2018 წელს, 59 წლის ასაკში.