ზუგდიდის ფოსტიდან გათავისუფლებულის სარჩელი სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა
არ დაკმაყოფილდა მოსარჩელეების კიდევ ერთი და მათივე თქმით, უმთავრესი მოთხოვნა, დავით სორდიას მიმართ პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაციის ფაქტის დადგენაზე. სწორედ ამ მიზეზით, როგორც ადვოკატმა „ლაივპრესს“ უთხრა, ისინი გაასაჩივრებენ მოსამართლე ირაკლი აბშილავას გადაწყვეტილებას.
„ჩვენ გავასაჩივრებთ, რადგან ყველაზე მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ ეს ფაქტი პოლიტიკური შეხედულებების გამო მოხდა. მიუხედავად იმისა, რომ ნაწილობრივ ჩვენი სასარგებლო გადაწყვეტილებაა, ვინაიდან პოლიტიკური ნიშნით დისკრიმანია არ დააკმაყოფილა სასამართლომ, ჩვენ ამ ნაწილში გავასაჩივრებთ გადაწყვეტილებას“, - გვითხრა რუსუდან მჭედლიშვილმა.
ადვოკატის ინფორმაციით, დღევანდელ სხდომაზე დაიკითხა მთავარი მოწმე, ფოსტის ყოფილი თანამშრომელი ალექსანდრე გეთია, რომელიც შეესწრო პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაციის ფაქტს. იურისტის სიტყვებით, ეს იყო შეხვედრა, სადაც ფოსტის გენერალურმა დირექტორმა ლევან ჩიკვაიძემ ალექსანდრე გეთიას და დავით სორდიას უთხრა, რომ პოლიტიკური შეხედულებების გამო იძულებულია ისინი გაათავისუფლოს.
ფოსტის ყოფილმა თანამშრომელმა დავით სორდიამ 2018 წლის მაისში გააკეთა განცხადება, რომ პოლიტიკური ნიშნით დაითხოვეს. ამ საკითხზე მაშინ ბრიფინგი გამართა „დაიცავი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა კახა მიქაიამ.
თქვა, რომ მისი თანაგუნდელები, დათო სორდია, საშკა მოლაშხია და ალიკა გეთია საქართველოს ფოსტის ზუგდიდის სერვისცენტრიდან პოლიტიკური ნიშნის საფუძველზე გაათავისუფლეს, იმის გამო, რომ ღიად აფიქსირებდნენ საკუთარ შეხედულებებს მოქმედი ხელისუფლების ქმედებების მიმართ და კრიტიკას არ ერიდებოდნენ.
„ლაივპრესს“ კი ფოსტაში განუმარტეს, რომ ზუგდიდის სერვისცენტრის სამი თანამშრომლის სამსახურიდან გათავისუფლების ერთადერთი მიზეზი მათი კვალიფიკაციის შეუსაბამობა გახდა, კომპანიის განვითარების მიმდინარე პროცესებთან.