ლელობურთის თამაშს ძეგლის სტატუსი მიენიჭა
მკვლევარები ვარაუდობენ, რომ ეს თამაში ბურთაობიდან მოდის, რომელიც ჯერ კიდევ ვეფხისტყაოსანში გვხვდება. სხვადასხვა მასალის მიხედვით აღწერილია, რომ ლელოს უმთავრესად სამეგრელოში, იმერეთსა და გურიაში სახალხო (რელიგიურ) დღესასწაულებზე თამაშობდნენ. ძირითადად სათამაშო ცენტრად აღიარებული იყო: ფოთი, ბათუმი, ხონი, კულაში, სენაკი, ზუგდიდი, ქუთაისი და სხვა.
ამასთანავე, ცნობილია ისიც, რომ თამაშობაში მონაწილეობას იღებდნენ ყველა სოციალური ფენის წარმომადგენლები: თავადები, აზნაურები, გლეხები. დღემდე ეს ტრადიცია მხოლოდ ლანჩხუთის რაიონის სოფელ შუხუთში შემორჩა.
წლების მანძილზე, ბურთის აგდების პატივი ლელოს უხუცეს მოთამაშეს ჰქონდა. 10 წელზე მეტია ეს პატივი აქვს სოფლის ეკლესიის წინამძღვარ დეკანოზ საბას. ტრადიციულად ის დილით მიცვალებულთა პანაშვიდს ატარებს და ბურთს ეკლესიაში ინახავს საღამოს 5 საათამდე - თამაშის დაწყების უცვლელ დრომდე.