ახალი ამბები
გალში გარდაცვლილი სენაკის დევნილთა ჩასახლებაში ცხოვრობდა
გალში, გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი საქართველოს მოქალაქე ირაკლი კვარაცხელია სენაკში იზრდებოდა. ის მშვიდობის ქუჩაზე მდებარე დევნილთა ჩასახლებაში იყო რეგისტრირებული. უთხრა „ლაივპრესს“ ქალაქ სენაკის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელმა გოჩა ჭანტურიამ. მისი თქმით, ბოლო ათი წელი აქ არ გამოჩენილა. თუმცა მანამდე ჩასახლებაში ბებიასთან ერთად ცხოვრობდა, მის გარდაცვალებამდე.

„ჰყავდა ოჯახი. თუმცა შემდეგ ცოლს გაშორებია. დარჩა ერთი შვილი. გადმოდიოდა თუ არა პერიოდულად აქეთ მხარეს, ინფორმაცია არ მაქვს“, - აღნიშნა მან.

თავის მხრივ, დევნილთა ჩასახლებაში მცხოვრები მეზობლები ჟურნალისტებთან იხსენებენ, რომ ირაკლი კვარაცხელიას ბებიის და ბიძის გარდაცვალების შემდეგ აქ არ უცხოვრია.

„ეს ათი წლის წინ იყო დაახლოებით. მერე აქ არ უცხოვრია. ხან ერთ ნათესავთან იყო, ხან მეორესთან“, - ამბობენ ისინი.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ცხელ ხაზზე დაყრდნობით 12 მარტს გაავრცელა ინფორმაცია, რომ გალის რაიონში ქარველმა პატიმარმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენელმა სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში რეზო ქობალიამ „ლაივპრესს“ განუცხადა, რომ დაკავების შემდეგ ირაკლი კვარაცხელია გადაიყვანეს სოფელ ნაბაკევის რუსულ სამხედრო ბაზაზე. ქობალიას სიტყვებით, გარდაცვლილს ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა, თუმცა რა გახდა გარდაცვალების მიზეზი, უცნობია.

თავის მხრივ, სახელმწიფო მინისტრმა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილმა განაცხადა, რომ 29 წლის ირაკლი კვარაცხელიას გარდაცვალების საკითხზე ჟენევის დისკუსიების სამივე თანათავმჯდომარე სოხუმში დღეს ისაუბრებს.

პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის თქმით კი, გალში მომხდარი ტრაგედია რთული ვითარების გაგრძელებაა, რასაც ვერ შეეგუებიან.