ახალი ამბები
აფხაზეთის ლეგიტიმურმა მთავრობამ წითელ ჯვართან კვარაცხელიას გადმოსვენებაზე ისაუბრა
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენელი სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში წითელი ჯვრის წარმომადგენლებს შეხვდა გალში ირაკლი კვარაცხელიას გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით. რეზო ქობალიამ „ლაივპრესს“ უთხრა, რომ მიაწოდეს მათ ხელთ არსებული ინფორმაცია. საუბარი ასევე შეეხო გარდაცვლილის გადმოსვენების საკითხს.

„რა და როგორ იქნება, ჯერ არ ვიცით. დამატებით ვერაფერს გეტყვით. მიმდინარეობს მუშაობა. მუშაობს წითელი ჯვარიც. არკვევენ დეტალებს“, - განმარტა მან.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ცხელ ხაზზე დაყრდნობით 12 მარტს გაავრცელა ინფორმაცია, რომ გალის რაიონში ქარველმა პატიმარმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. გარდაცვალების გარემოებების დადგენას ცდილობს თავის მხრივ ქართული მხარე.

სახელმწიფო მინისტრის შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილის განცხადებით, 29 წლის ირაკლი კვარაცხელიას გარდაცვალების საკითხზე ჟენევის დისკუსიების სამივე თანათავმჯდომარე სოხუმში დღეს ისაუბრებს. მისი სიტყვებით, ძალიან მნიშვნელოვანია დადგინდეს ზუსტი და ობიექტური გარემოებები ამ ძალიან მძიმე ფაქტთან დაკავშირებით.

თავის მხრივ, საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა განაცხადა, რომ ამისთვის ყველა საჭირო ინსტრუმენტს გამოიყენებენ.

მომხდარს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაც გამოეხმაურა.