თვითმმკვლელობას გამოვრიცხავ - ირაკლი კვარაცხელიას ნათესავი
„თავი რომ ჩამოიხრჩო, არის აბსურდი, იმდენად ეკლესიურად ცხოვრობდა ბოლო დროს. შეამოაკვდათ ცემაში. ეს უფრო დასაჯერებელია“, - გვითხრა მან, რომელმაც ნათესავის შესაძლო ცემის თაობაზე ინფორმაცია ტელევიზიით მოისმინა.
თამუნა ფიფიას ცნობით, მისთვის გაურკვეველია, რატომ, ან ვისთან გადავიდა გარდაცვლილი აჩიგვარაში, სადაც არავინ არ ჰყავდა და სახლიც ჯერ კიდევ ომის დროს დაიწვა. ამბობს, რომ აფხაზეთში შეიარაღებული დაპირისპირების დასრულების შემდეგ პირველად ჩავიდა.
ბოლოს, მისი ცნობით, ირაკლი კვარაცხელია აღმოსავლეთ საქართველოში, ერთ-ერთ მონასტერში იმყოფებოდა. განმარტავს, რომ ერთი, მუდმივი მისამართი არ ჰქონდა და სხვადასხვა ნათესავთან აფარებდა თავს. მართალია სენაკში, ბებიის გარდაცვალების შემდეგ ბინა მისცეს, თუმცა იქ ერთი დღეც არ უცხოვრია.
„მამა ავტოსაგზაო შემთხვევისას გარდაიცვალა. დედა ორსულად დარჩა. მან შემდეგ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, რასაც ირაკლი ძალიან განიცდიდა. არავინ არ ჰყავს. არც მშობლები, არც და-ძმა. ზოგჯერ მონასტერს აფარებდა თავს. სიმშვიდეს ეძებდა“, - გვითხრა გარდაცვლილის ნათესავმა.
ამბობს, რომ ბოლოს ირაკლი ერთი წლის წინ, ცოტა ხნით ნახა. თხუთმეტიოდე წუთი დაჰყო მასთან, ყავა დალია და მას შემდეგ აღარ უნახავს.
„იმის მერე არაფერი არ ვიცი. არავინ არ იცოდა ამის ასავალ-დასავალი. ტელეფონი არ ჰქონდა. სენაკში, მის ბინაში გადმოასვენებენ ალბათ მოვაწესრიგებთ როგორმე ერთ ოთახს და იქ დავასვენებთ“, - აღნიშნა თამუნა ფიფიამ.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ცხელ ხაზზე დაყრდნობით 12 მარტს გაავრცელა ინფორმაცია, რომ გალის რაიონში ქარველმა პატიმარმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. გარდაცვალების გარემოებების დადგენას ცდილობს თავის მხრივ ქართული მხარე.
საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა განაცხადა, რომ გარდაცვალების ობიექტური მიზეზების დასადგენად ყველა საჭირო ინსტრუმენტს გამოიყენებენ.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენელი სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში წითელი ჯვრის წარმომადგენლებს შეხვდა გალში ირაკლი კვარაცხელიას გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით. რეზო ქობალიამ „ლაივპრესს“ უთხრა, რომ მიაწოდეს მათ ხელთ არსებული ინფორმაცია. საუბარი ასევე შეეხო გარდაცვლილის გადმოსვენების საკითხს.
მომხდარს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაც გამოეხმაურა.