ახალი ამბები
ირაკლი კვარაცხელია იზილატორში მარტო იყო, როცა თავი ჩამოიხრჩო-სოხუმი
აფხაზეთის დე ფაქტო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ირაკლი კვარაცხელიას გარდაცვალებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. მასში ნათქვამია, რომ რუსმა ე.წ. მესაზღვრეებმა საქართველოს მოქალაქე მაშინ დააკავეს, როცა ის 10 მარტს „უკანონოდ ცდილობდა“ აფხაზეთის „სახელმწიფო საზღვრის“ გადმოკვეთას.

ამავე განცხადების მიხედვით, პროცედურული დოკუმენტების შესადგენად ის გადაიყვანეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განყოფილებაში. ის, სუსი-სვე განმარტებით, იზოლატორში მარტო იმყოფებოდა, რა დროსაც ჩაიდინა სუიციდი - თავი ჩამოიხრჩო. მათივე ცნობით, მიიღეს შესაბამისი ზომები, გამოიძახეს სამედიცინო დახმარება, თუმცა ირაკლი კვარაცხელიას გადარჩენა შეუძლებელი აღმოჩნდა.

ცხედარს ჩაუტარდა ექსპერტიზა. აფხაზეთის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ბიუროს დასკვნით, ძალადობის კვალი გარდაცვლილს არ აღენიშნება.

„რუსეთის კომპეტენტური ორგანოები აწარმოებენ მომხდარის გამოძიებას. ამ დროისთვის განიხილება კვარაცხელიას ცხედრის ქართული მხარისთვის გადაცემის საკითხი“, - ნათქვამია განცხადებაში.

ცოტა ხნის წინ აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა განმარტა, რომ საქართველოს მოქალაქემ თავი „გაურკვეველ ვითარებაში“ მოიკლა.

თუმცა თვითმკვლელობის ვერსიის არ სჯერა გარდაცვლილის ნათესავს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ცხელ ხაზზე დაყრდნობით 12 მარტს გაავრცელა ინფორმაცია, რომ გალის რაიონში ქარველმა პატიმარმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. გარდაცვალების გარემოებების დადგენას ცდილობს თავის მხრივ ქართული მხარე.

საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა განაცხადა, რომ გარდაცვალების ობიექტური მიზეზების დასადგენად ყველა საჭირო ინსტრუმენტს გამოიყენებენ.