ზუგდიდის მერია ცენტრალური ხელისუფლების უფლებამოსილებებისთვის საკუთარ ბიუჯეტს ხარჯავს - TI
ორგანიზაციის თქმით, წელს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ზუგდიდის მუნიციპალიტეტისთვის დელეგირებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერი 350 ათასი ლარია, თვითმმართველობა კი, თავის მხრივ, 220 ათას ლარს ამატებს.
კერძოდ, „გამჭვირვალობის“ კვლევის მიხედვით, ზუგდიდის მერია შემდეგ უფლებამოსილებებს ახორციელებს:
საზოგადოებრივი ჯანდაცვის მომსახურება (გადამდებ დაავადებათა ეპიდზედამხედველობა, კონტროლი, იმუნოპროფილაქტიკა და ა.შ.),ომის ვეტერანთა სოციალური დაცვის პროგრამა (სოციალური დახმარების გაწევა), დევნილთა მხარდაჭერის პროგრამა (სოციალური დახმარების გაწევა) და ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლების ხელშეწყობა (წვევამდელთა აღრიცხვა და სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევა).
ორგანიზაციის თქმით, ოთხიდან სამ შემთხვევაში, ადგილობრივი მერია თანხებს საკუთარი შემოსავლებიდანაც ხარჯავს. მათივე განმარტებით, სიტუაცია ანალოგიური იყო შარშანაც წელსაც. ჯამში, 2018-2019 წლებში მუნიციპალიტეტმა ცენტრალური ხელისუფლების უფლებამოსილებების შესასრულებლად, ნახევარ მილიონ ლარამდე ფინანსური რესურსი საკუთარი მწირი ბიუჯეტიდან დახარჯა.
„კანონის შესაბამისად, დელეგირებული უფლებამოსილების განხორციელებისას ადგილობრივი თვითმმართველობა ფინანსური რესურსით სრულად უნდა უზრუნველყოს იმ ორგანომ, რომელიც ახდენს უფლებამოსილებების დელეგირებას. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის შემთხვევაში, ასეთი ადმინისტრაციული ორგანოებია რეგიონული განვითარების სამინისტრო და ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო“, - ნათქვამია არასამთავრობოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.