ირაკლი კვარაცხელია მოკლეს თუ თავი მოიკლა, პასუხისმგებელია ის მხარე, სადაც ეს მოხდა - „ემპათია“
მისი განმარტებით, საჭირო იქნება კომპლექსური კომისიური ექსპერტიზის ჩატარება, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, რომელსაც „ემპათია“ უზრუნველყოფს. ისინი, როგორც რუსუდან ჯიშკარიანმა აღნიშნა, განახორციელებს დაზარალებულის დაცვასაც.
არის თუ არა მოკლული ირაკლი კვარაცხელია, როგორც ცენტრის ხელმძღვანელმა სხვა მედიასაშუალებებს განუცხადა, და რა აძლევს ამის თქმის საფუძველს, განმარტა:
„წინასწარ ვერაფერს ვიტყვი. ასეთი ინფორმაცია ვრცელდებოდა. მე ვარაუდი არ გამომითქვამს. უბრალოდ ნებისმიერ შემთხვევაში, ის ადამიანი არის მოკლული, თუ თვითმკვლელობასთან გვაქვს საქმე, რაღაცამ მიიყვანა ამ მდგომარეობამდე. შესაბამისად, პასუხისმგებელია ის მხარე, სადაც ეს ამბავი მოხდა. მითუმეტს, თავისუფლებააღკვეთილ პირზე ვსაუბრობთ“, - განმარტა მარიამ ჯიშკარიანმა.
ოკუპირებულ გალში გარდაცვლილი ირაკლი კვარაცხელიას ცხედრის ექსპერტიზა სამხარაულის ეროვნულ ბიუროში 5 საათზე მეტხანს მიმდინარეობდა. ექსპერტ ირაკლი თოიძის ინფორმაციით, ცხედარს ყელზე დაზიანებები აღენიშნება.
ცხედარი აფხაზეთიდან სამეგრელოში 13 მარტს, საღამოს გადმოასვენეს.
ინფორმაცია ირაკლი კვარაცხელიას გარდაცვალების შესახებ, 12 მარტს, ღამით გავრცელდა. ოკუპირებული აფხაზეთიდან ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ცხელი ხაზით მიღებული ინფორმაციით, ირაკლი კვარაცხელიამ თავი მოიკლა. 13 მარტს, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის უშიშროების სამსახურმა განაცხადა, რომ საქართველოს მოქალაქე, 1990 წელს დაბადებული ირაკლი კვარაცხელია „საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისთვის“ დააკავეს და შესაბამისი დოკუმენტების გასაფორმებლად გადაიყვანეს აფხაზეთში რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის სასაზღვრო სამმართველოს შენობაში, სადაც კვარაცხელიამ თავი ჩამოიხრჩო.
ირაკლი კვარაცხელიას ცხედარი სენაკში უკვე გადაასვენეს.