ახალი ამბები
ოკუპირებულ ოტობაიაში საქართველოს მოქალაქე დააკავეს
ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ ოტობაიაში საქართველოს მოქალაქე ლევან ძაძუა დააკავეს. როგორც „ლაივპრესს“ ოტობაიაში მცხოვრებმა, ძაძუების მეზობელმა სატელეფონო საუბრისას განუცხადა, ის დე ფაქტო რესპუბლიკის სამართალდამცავებმა წუხელ გვიან ღამით სახლიდან წაიყვანეს. რა გახდა ახალგაზრდა მამაკაცის დაკავების მიზეზი, მისთვის უცნობია.

„დიდი ამბავი იყო წუხელ ამაზე. წაყვანილია. ოჯახის წევრები არიან ძალიან ცუდ მდგომარეობაში და არაფერი არ იციან. გვიან, ორ საათზე მოვიდნენ და სახლიდან წაიყვანეს. ეს არის უპატიოსნესი ოჯახი. რა მოხდა და რისთვის დააკავეს, არაფერი არ ვიცით“, - გვითხრა ოტობაიელმა რესპონდენტმა, რომელსაც ვინაობის გამხელა უსაფრთხოების დაცვის მიზნით არ სურს.

ინფორმაციას ადასტურებს ოტობაიაში მცხოვრები კიდევ ერთი რესპონდენტი. მისი ინფორმაციით, ლევან ძაძუას ოტობაიაში ჰყავს მშობლები და ცოლი, რომლებმაც ამდრომდე არ იციან დაკავების მიზეზი.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებენ.