ახალი ამბები
ზუგდიდის მერიის ააიპ-ების შემსწავლელ ჯგუფს მუშაობის ვადა გაუხანგრძლივდა
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დროებით სამუშაო ჯგუფს, რომელიც მერიის ააიპ-ების მუშაობას სწავლობს, ვადა 1 თვით გაუხანგრძლივდა. როგორც საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერიამ განმარტა, დამატებითი დრო მოითხოვა „სპორტის განვითარების ცენტრის“ ანგარიშის ხელმეორედ მოსმენამ, ასევე რეკომენდაციებისა და დასკვნების მომზადებამ.

„თითქმის ვასრულებთ ააიპ-ების მოსმენას. დღეს არის შპს „აგროსერვისის“ მოსმენა. ხელმეორედ მოვუსმენთ „სპორტის განვითარების ცენტრს“. აქ საუბარი იქნება ცენტრიდან ბავშვთა საფეხბურთო სკოლის გამოყოფის მიზანშეწონილობაზე. ანუ უნდა გამოეყოს თუ ისევ დარჩეს ცენტრის ფლობის ქვეშ. შემდეგ უკვე დარჩება რეკომენდაციებისა და დასკვნების მომზადება, რომელიც უნდა გასცეს საკრებულოს დროებითმა სამუშაო ჯგუფმა. ჩვენ პირობითად ავიღეთ ერთი თვე, მაგრამ მერწმუნეთ ეს არ გასტანს ერთ თვეს“, - განუცხადა მამუკა წოწერიამ „ლაივპრესს“.

საკრებულოს სამუშაო ჯგუფი ეტაპობრივად ისმენს მერიის ააიპ-ების ხელმძღვანელი პირებისგან მათ მიერ ჩატარებლი სამუშაოს შესახებ ანგარიშს.