ახალი ამბები
ვმუშაობთ „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში“ შეყვანილთათვის შემზღუდავი ზომების დაწესებაზე -ზალკალიანი
საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის ინფორმაციით, მიმდინარეობს ინტენსიური მუშაობა „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში“ შეყვანილთა მიმართ შემზღუდავი ზომების დაწესებაზე. მინისტრმა ამის შესახებ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„ლიეტუვას რესპუბლიკამ როგორც საკანონმდებლო, ასევე აღმასრულებენ დონეზე მიიღო სანქციები. ევროპარლამენტმა ძალიან მწვავე რეზოლუცია მიიღო და ევროკავშირის ყველა წევრ ქვეყანას მოუწოდა, რომ შემზღუდავი ზომები დააწესოს. ირლანდიის რესპუბლიკის სენატმა ასევე მიიღო მსგავსი სახის რეზოლუცია. აშშ-სთან ინტენსიურად ვმუშაობთ, რათა შესაბამისი ნაბიჯები გადაიდგას როგორც საკანონმდებლო, ასევე აღმასრულებელ დონეზე. აშშ-ს მხრიდან გვაქვს უპრეცედენტო მხარდაჭერა, რაც გამოიხატა საქართველოს მხარდაჭერის აქტის ინიცირებასა და მის ერთხმად მხარდაჭერაში წარმომადგენლობით პალატაში, სადაც პირდაპირ არის მინიშნება „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაზე“. აშშ-ს კონსოლიდირებული ასიგნებების აქტში სირიასა და ნაურუს მხრიდან ოკუპირებული ტერიტორიების აღიარების გამო გამოყენებულია ტერმინი “ოკუპაცია“ და გარკვეულწილად სანქციებზე არის საუბარი იმ ქვეყნებთან მიმართებით, ვინც ოკუპირებული ტერიტორიების აღიარებისაკენ ნაბიჯს გადადგამს“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

საგარეო საქმეთა მინისტრი პარლამენტში 2019-2022 წლების საქართველოს საგარეო პოლიტიკის სტრატეგიას წარადგენს. ასევე დეპუტატები ევროინტეგრაციის საკითხებზე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ანგარიშს მოისმენენ.