ახალი ამბები
ოკუპირებულ ოტობაიაში დაკავებული საქართველოს მოქალაქე გაათავისუფლეს
ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ ოტობაიაში დაკავებული საქართველოს მოქალაქე ლევან ძაძუა გაათავისუფლეს. როგორც „ლაივპრესს“ ოტობაიაში მცხოვრებმა, ძაძუების მეზობელმა სატელეფონო საუბრისას განუცხადა, ის დე ფაქტო რესპუბლიკის სამართალდამცავებმა წუხელ გაათავისუფლეს და უკვე საკუთარ სახლში იმყოფება. რესპონდენტის ცნობით, მას უთხრეს, რომ სხვა, იგივე სახელი და გვარის ადამიანში შეეშალათ და მისი დაკავება შეცდომით მოხდა.

„ჯანმრთელად არის, მაგრამ ნაცემი იყო. სანამ წაიყვანდნენ, მაშინ სცემეს და მერე იქ, განყოფილებაში არ უცემიათ“, - გვითხრა ოტობაიელმა რესპონდენტმა, რომელსაც ვინაობის გამხელა უსაფრთხოების დაცვის მიზნით არ სურს.

ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ ოტობაიაში საქართველოს მოქალაქე ლევან ძაძუა 13 მარტს, გვიან ღამით დააკავეს. ის დე ფაქტო რესპუბლიკის სამართალდამცავებმა სახლიდან წაიყვანეს. რა გახდა ახალგაზრდა მამაკაცის დაკავების მიზეზი, ოჯახის წევრებისთვის არავის განუმარტავს.