შპს „აგროსერვისი“ ფაქტობრივად უფუნქციოა - საკრებულოს თავმჯდომარე
შპს-ს იურისტმა ბადრი ტარიელაშვილმა ისაუბრა მთავრობის განკარგულების საფუძველზე განხორციელებულ ღონისძიებებზე აზიური ფაროსანას წინააღმდეგ. მათ შორის თხილის პლანტაციების შეწამვლის სამუშაოებზე, ფერმერების ინფორმირებაზე, შესაწამლი აგრეგატების გადაცემასა და სხვა აქტივობაზე. აღნიშნა, რომ პროგრამისთვის ორ მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა, მილიონ ლარზე მეტი კი მუშა ჯგუფების ანაზღაურებისთვის დაიხარჯა. მანვე თქვა ისიც, რომ ცალკეული პროექტების განსახორციელებლად ფინანსები არ ჰყოფნით. „აგროსერვისის“ ბიუეჯეტი 220 ათასი ლარია, რომელთაგან ხელფასებზე გასაცემი თანხის წილი 193 ათას ლარს შეადგენს.
ბადრი ტარიელაშვილის თქმით, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე პროექტზე ისაუბრეს, რომელთა რეალიზებაც სურთ. მიიღეს დახმარების პირობაც. შპს-ს იურისტის თქმით, აპირებენ მათ შორის მოცვის, მარწყვის პლანტაციების გაშენებას, სანერგე მეურნეობის მოწყობას. ასევე სურთ მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მნიშვნელობის ტყეების ქარსაფარი ზოლების და მწვანე ნარგავების მოვლა, შენახვის, დაცვის ღონისძიებები განახორციელონ. მოხდეს ეროზიული ფართობების გაშენება-გატყევება.
სამუშაო ჯგუფის წევრმა ირაკლი ლაგვილავამ აღნიშნა, რომ დღეს გლეხებისთვის ძალიან დიდ პრობლემას წარმოადგენს თანამედროვე განათლების არქონა. შესაბამისად ის მექანიზმები, რასაც ადრე მიმართავდნენ, უკვე ვეღარ ამართლებს. ამიტომ საჭიროა ამ კუთხითაც მუშაობა.
საკრებულოს თავმჯდომარემ სთხოვა შპს-ს, როცა ამ საკითხზე ისევ შეიკრიბებიან, წარმოადგინონ სამომავლო პროექტთა პაკეტი.
„ძალიან გაამართლა, რომ დავიწყეთ შეწამვლის სამუშაოები. ორგანიზაციულად იმან შეგვიწყო ხელი, რომ შპს არსებობდა და პირდაპირ ბიუჯეტიდან თანხის გადმორიცხვაც სხვათაშორის ყველაზე სწრაფად ჩვენთან მოხდა. იმიტომ, რომ როცა შპს გამზადებული დავახვედრეთ, ვინც მომსახურებას გასწევდა, მნიშვნელოვანწილად ამან ხელი შეგვიწყო. ამ მიმართულებით უნდა ვიფიქროთ. ვიცით, რომ ნაფიქრიც გაქვთ. ეს თქვენი ნაფიქრი გადმოგვიგზავნეთ“, - აღნიშნა მან.
მამუკა წოწერიას თქმით, კარგი იქნება, თუ შპს საკუთარი შემოსავლების მიღების კუთხითაც იმუშავებს.
„აგროსერვისის“ იურისტმა განმარტა, რომ შემუშავდა შემოსავლების მიღების სხვადასხვა პროგრამა, როგორც სახელმწიფო პროგრამებიდან, ისე საკუთრაი მეურნეობების შექმნით, სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოება-რეალიზაციის მიზნით. ამ ყველაფერზე ისინი მომდევნო შეკრებისას ისაუბრებენ დეტალურად.