ახალი ამბები
ირაკლი კვარაცხელია სენაკში დაკრძალეს
ოკუპირებულ გალის რაიონში, საეჭვო ვითარებაში გარდაცვლილი ირაკლი კვარაცხელია სენაკში, ძმათა სასაფლაოზე დაკრძალეს. 29 წლის ახალგაზრდა დღეს დილით დევნილთა დასახლებიდან საკათედრო ტაძარში გადაასვენეს.

ირაკლი კვარაცხელიას დაკრძალვაზე იმყოფებოდა პარლამენტის წევრი ოთარ დანელია და პარტია „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა.

ოთარ დანელიას სიტყვებით, უნდა დაველოდოთ ექსპერტიზის საბოლოო დასკვნას, რათა შესაბამისი რეაგირება მოხდეს საერთაშორისო თანამეგობრობის დახმარებით.

გიგი უგულავა მომხდარში პასუხისმგებლობას მთავრობას აკისრებს. „შეუძლებელია ქვეყანამ აიტანოს როდესაც ასე მის შვილებს კლავენ და ხელისუფლება იმდენსაც კი არ აკეთებს, რომ საერთაშორისო სანქციების ქვეშ მოაქციოს ეს ადამიანები ვინც ეს ტრაგედია თავს დაატეხა ამ ოჯახებს“, - განაცხადა გიგი უგულავამ.

გარდაცვლილის ოჯახს 16 მარტს მიუსამძიმრა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა. მისი თქმით, მთავარია, რაც შეიძლება სწრაფად დადგინდეს სიკვდილის რეალური გარემოებები. მასთან ერთად სამძიმარზე იმყოფებოდნენ სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ალექსანდრე მოწერელია და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები. სენაკში იმყოფებოდნენ აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის წევრებიც.

გალში გარდაცვლილი ირაკლი კვარაცხელიას ოჯახს და ნათესავებს, საოკუპაციო ხაზთან 2016 წელს მოკლული გიგა ოთხოზორიას ოჯახმაც მიუსამძიმრა.

29 წლის ახალგაზდის, ირაკლი კვარაცხელიას გარდაცვალების შესახებ ცნობა 12 მარტს გავრცელდა. დე ფაქტო რესპუბლიკის წარმომადგენლები ირწმუნებიან, რომ მან სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ამ ვერსიის არ სჯერა მის ნახევარძმას. ამბობს, რომ ცხედარს წამების კვალი ეტყობა. გარდაცვლილი ოკუპირებული ტერიტორიიდან დანარჩენ საქართველოში 13 მარტს გადმოასვენეს. მას ჩაუტარდა ექსპერტიზა, რომლის პასუხსაც ნათესავები დაახლოებით ერთ თვეში ელოდებიან.