„ქართულ ოცნებაში“ ზუგდიდის მერობის კანდიდატზე გადაწყვეტილება არ მიუღიათ
კანდიდატი არ შეურჩევიათ პარტია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაშიც“, თუმცა განმარტეს, რომ ერთ-ერთ კანდიდატად ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მეუღლე სანდრა რულოვსიც განიხილება.
მერის რიგგარეშე არჩევნები მაისში გაიმართება. ამ ეტაპზე ოფიციალურად კანდიდატურა არცერთ პარტიას თუ საინიციატივო ჯგუფს არ წარუდგენია. ზუგდიდის მერობის მხოლოდ სურვილი გამოთქვეს ფეხბურთის ფედერაციის ყოფილმა პრეზიდენტმა ზვიად სიჭინავამ, "სამეგრელოს ხმის" დამფუძნებელმა თენგიზ ჯგუშიამ და იურისტმა მალხაზ ქუჩულორიამ.
მერის პოზიცია ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც თანამდებობა ლაშა გოგიამ საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა. მოგვიანებით ის ყოფილ ვიცე მერ, გია გულორდავასთან ერთად დააკავეს, ქრთამის აღების ბრალდებით.