ზუგდიდის მაჟორიტარები: კენჭისყრაზე პარლამენტის მონაცემებში უზუსტობაა
მერაბ ქვარაიას ბიუროს განცხადებით, პარლამენტის ვებ გვერდზე ტექნიკური უზუსტობაა.
„სტატიაში არის ტექნიკური მონაცემები, რაც სიცხადისთვის საჭიროებს დამატებით დაზუსტებას. კერძოდ: პარლამენტის ოფიციალური გვერდის მონაცემების ანალიზით, მერაბ ქვარაიამ მონაწილეობა მიიღო 1256 საკითხის განხილვაში. მხარი დაუჭირა 873 საკითხს, ხოლო 383-ს მხარი არ დაუჭირა. (ხმა არ მისცა, ან კენჭისყრის პროცესს არ დასწრებია)“, - ნათქვამია მერაბ ქვარაიას ბიუროს განცხადებაში.
ედიშერ თოლორაიას ბიუროში ამბობენ, რომ გამოქვეყნებული ინფორმაცია მცდარია, რადგან მათი თქმით, ედიშერ თოლორაიამ კენჭისყრაზე დაყენებულ რამდენიმე საკითხს მხარი არ დაუჭირა, მათ შორის ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გაერთიანების შესახებ კანონპროექტს.
„მედიაორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ დეპუტატმა კენჭისყრაზე დაყენებულ ყველა საკითხს მხარი დაუჭირა, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. მაჟორიტარმა დეპუტატმა კენჭისყრაზე დაყენებულ არაერთ საკითხს მხარი არ დაუჭირა. მათ შორის იყო ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გაერთიანების შესახებ კანონპროექტი“, - განმარტეს ბიუროში.
სინამდვილეში, 2017 წელს, თვითმმართველი ქალაქების გაერთიანების საკითხს ხმა წინააღმდეგ მისცა 10-მა დეპუტატმა. მომხრე იყო 85, მათ შორის მერაბ ქვარაია. ედიშერ თოლორაია კი სხდომას არ დასწრებია.
პარლამენტის ვებ გვერდის ცნობით, მერაბ ქვარაიამ მონაწილეობა მიიღო პარლამენტის 873 კენჭისყრაში და ამდენივე საკითხს მხარი დაუჭირა. ედიშერ თოლორაიამ 814-იდან კი ყველას.