ზვიად სიჭინავას, რომელსაც ზუგდიდის მერობა სურს, შემოთავაზება არცერთი პარტიისგან არ მიუღია
„ნებისმიერი პარტიისგან ველოდები შემოთავაზებას. არ მაინტერესებს არცერთი პარტია, არ მინდა, რომ ზუგდიდში იყოს ომი. მინდა ზუგდიდელებმა სწორი არჩევანი გააკეთონ. ვიქნები მე კანდიდატი, არ ვიქნები, ჩემთვის მთავარია ზუგდიდი არ გახდეს დასაცინი ქალაქი“, - უთხრა ზვიად სიჭინავამ „ლაივპრესს“.
ჩვენი კითხვის პასუხად, რატომ არ აქვს მნიშვნელობა პარტიას, როცა ამ პოლიტიკურ სუბიექტებს განსხვავებული ღირებულებები გააჩნიათ, განმარტა - მისი პარტია მშობლიური ქალაქია. ამიტომაც სურს, მოსახლეობა გაერთიანდეს და საარჩევნო კამპანია არ დაემსგავსოს „ნომრების ბრძოლას“.
„ორივე პარტია ამბობს, რომ ზუგდიდისთვის უნდათ კარგი, რომ უნდათ წინსვლა. ამიტომ, ვეთანხმები მათ - ზუგდიდი უნდა გახდეს ნომერ პირველი ქალაქი“, - აღნიშა ზვიად სიჭინავამ.
იმ შემთხვევაში, თუ შეთავაზებას ვერცერთი პარტიისგან ვერ მიიღებს, იყრის თუ არა კენჭს დამოუკიდებელ კანდიდატად, როგორც 2017 წელს, ჯერ არ იცის. ამბობს, არ არის დღეს მზად, რომ ეს თქვას. მაინც „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას დაელოდება, რადგან ოპოზიცია კანდიდატად სანდრა რულოვსს განიხილავს, როგორც მედიით გავრცელდა.
რა შანსი ექნება სანდრა რულოვსის პირისპირ, თუნდაც მმართველმა პარტიამ წარადგინოს მერობის კანდიდატად, ამბობს, რომ ამ ყველაფერზე მას შემდეგ ისაუბრებს, რაც კანდიდატები ოფიციალურად დასახელდება.
ზვიად სიჭინავას რომ ზუგდიდის მერის რიგგარეშე არჩევნებში მონაწილეობა ხელმეორედ სურს, ამის შესახებ მან „ლაივპრესს“ იანვარში განუცხადა. მაშინ გვითხრა, რომ კენჭისყრას გეგმავს, მხოლოდ არა როგორც დამოუკიდებელი კანდიდატი, რადგან ამისთვის ქვეყანა ჯერ მზად არ არის. ის პარტიებისგან შემოთავაზებას ამ დრომდე ელოდება.
ზვიად სიჭინავა 2017 წლის მერის არჩევნებში მონაწილეობდა, თუმცა დამარცხდა.
„ქართულ ოცნებაში“ ზუგდიდის მერობის კანდიდატზე გადაწყვეტილება არ მიუღიათ. ენმ-ში კი გვითხრეს, რომ განიიხილავენ როგორც ცენტრალური, ისე ადგილობრივი დონის ლიდერებს. მათ შორის არის სანდრა რულოვსიც.
მერის რიგგარეშე არჩევნები მაისში გაიმართება. ამ ეტაპზე ოფიციალურად კანდიდატურა არცერთ პარტიას თუ საინიციატივო ჯგუფს არ წარუდგენია. ზუგდიდის მერობის მხოლოდ სურვილი გამოთქვეს ფეხბურთის ფედერაციის ყოფილმა პრეზიდენტმა ზვიად სიჭინავამ, „სამეგრელოს ხმის" დამფუძნებელმა თენგიზ ჯგუშიამ და იურისტმა მალხაზ ქუჩულორიამ.
მერის პოზიცია ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც თანამდებობა ლაშა გოგიამ საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა. მოგვიანებით ის ყოფილ ვიცე მერ, გია გულორდავასთან ერთად დააკავეს, ქრთამის აღების ბრალდებით.