ახალი ამბები
ზუგდიდის მერის არჩევნების გაყალბება უკვე დაიწყო - თენგიზ ჯგუშია [ვიდეო]
მოძრაობა „სამეგრელოს ხმის“ დამფუძნებელი თენგიზ ჯგუშია, რომელიც ზუგდიდის მერად კენჭისყრას გეგმავს, ამბობს, რომ მაისში გასამართი არჩევნების გაყალბებაზე მუშაობა უკვე დაწყებულია. ამის შესახებ მან სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის შენობაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, სწორედ ეს არის ის ადგილი, საიდანაც მმართველი პოლიტიკური ძალა არჩევნებზე ზეგავლენას ცდილობს. ამ ყველაფერში მან სახელმწიფო რწმუნებული დაადანაშაულა, რომელიც ჯგუშიას მტკიცებით, შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას დაკვეთით და მითითებით მოქმედებს.

კერძოდ, ორგანიზაციის ხელმძღვანელის თქმით, მან ერთ-ერთი საჯარო მოხელისგან, რომლის ვინაობაც, როგორც განმარტა, მისივე უსაფრთხოების მიზნით არ დაასახელა, მიიღო წერილი, სადაც ნათქვამია, თუ რა გზას მიმართავენ არჩევნების გასაყალბებლად. თენგიზ ჯგუშია ამბობს, რომ გაიცა დავალება საჯარო მოსამსახურეებზე, რომლის თანახმადაც მათ შვიდკაციანი სია უნდა წარმოადგინონ იმ ადამიანების, ვინც ხმას „ოცნების“ კანდიდატს, გიორგი შენგელიას მისცემს. სიას თან მოქალაქეთა პირადი და სატელეფონო ნომრები უნდა ერთვოდეს. რიგ შემთხვევებში კი ერთი ხმა შესაძლოა 100 ლარად იყიდონ.

„სამეგრელოს ხმის“ დამფუძნებლის ინფორმაციით, არჩევნებზე ზემოქმედებისთვის იყენებენ სკოლის და საბავშვო ბაღების პედაგოგებს. თავის მხრივ, მასწავლებლები კი მშობლებს მიმართავენ თხოვნით, დარიგებულ სიაზე ხელი მოუწერონ, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში სამსახურიდან დათხოვნა ემუქრებათ. მისივე მტკიცებით, სახელმწიფო რწმუნებულთან შეუთანხმებლად მსგავსი რამ არ ხდება და ის უშუალოდაა ამ პროცესების ერთ-ერთი მთავარი მონაწილე.

„ამიტომ ალეკო, ჯიგარო, დაანებეთ თავი ზუგდიდის და სამეგრელოს სოფლების გაცნობას და მიეცით ხალხს თავისუფალი არჩევანის უფლება. მივმართავ მასწავლებლებს, სკოლების დირექტორებს, ბიზნესმენებს, დაწესებულებების ხელმძღვანელებს - თქვენ გაზომბირებენ. აგერ ჯანმრთელი, კარგ ფორმაში მყოფი, აქტიური თენგიზ ჯგუშია ვდგავარ თქვენს გვერდით. როგორც კი ჩემს გვერდით დაგაფიქსირებენ, ყველა დაგანებებთ თავს, არავისი შეგეშინდეთ“, - განაცხადა მან.

ჯგუშიასვე თქმით, მისი სურვილი ზუგდიდის მერობა არ არის, ეს გადაწყვეტილება იძულებით მას შემდეგ მიიღო, რაც ქრთამის აღების ფაქტზე ყოფილი მერი და ვიცე მერი დააკავეს, პრეზიდენტის არჩევნებმა კი გაყალბებით ჩაიარა. ამ ფონზე, „სამეგრელოს ხმის“ დამფუძნებელი ამბობს, რომ „ქართულ ოცნებას“ მორალური უფლება არ აქვს კანდიდატი შესთავაზოს საზოგადოებას.

მან ბრიფინგი სამხარეო ადმინისტრაციის შენობაში, ზუგდიდის საკრებულოს ბანერის ფონზე გამართა და აღნიშნა, რომ მართალია ფინანსური რესურსი არ აქვს, არც მედიის მხარდაჭერა, თუმცა აქვს ღირსება, რომლითაც საარჩევნო კამპანიის წარმართვას გეგმავს.

ბრიფინგამდე თენგიზ ჯგუშიამ ბედნიერების დღესთან დაკავშირებით სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის თანამშრომლებს ყვავილები დაურიგა. მან ნარცისების თაიგული ალექსანდრე მოწერელიასთვისაც დატოვა. აღნიშნა, რომ სახელმწიფო რწმუნებულთან, თუ ნებისმიერ სხვა საჯარო მოხელესთან შესვლა დაუბრკოლებლად, შეუფერხებლად, ზედმეტი ნებართვების პროცედურის გვერდის ავლით უნდა იყოს შესაძლებელი ნებისმიერი მოქალაქისთვის.

გაჟღერებულ ბრალდებებთან დაკავშირებით კომენტარზე უარი თქვეს სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში.