ახალი ამბები
ჩემი ოჯახი საფრთხეშია - ლაშა გოგიას ცოლი
ზუგდიდის ყოფილი მერის ცოლი ამბობს, რომ ოჯახის წევრების, მათ შორის მისი ქმრის, ლაშა გოგიას სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება. ნანა თოდუას თქმით, მან დღეს მიიღო მეუღლისგან წერილი, სადაც წერია, რომ მას „შეიძლება რამე მოუვიდეს“. დაკონკრეტებისგან ამ ეტაპზე თავის შეკავებას არჩევს, თუმცა განმარტავს - მომხდარის უკან მაჟორიტარი დეპუტატი, ედიშერ თოლორაია დგას. ნანა თოდუას მტკიცებით, სწორედ პარლამენტარის ბიზნესინტერესებს და „შავბნელ“ საქმეებს შეეწინააღმდეგა ლაშა გოგია, რის გამოც დააკავეს. ყოფილი მერის ცოლი ამბობს, რომ მისი ქმარი მაჟორიტარის პირადი პატიმარია.

„რომელი ცოლი გაატარებს იმას, რომ ქმარი მოგწერს, მე შეიძლება რამე მომივიდეს და მერე შენ გადაუხადე სასამართლოთი სამაგიერო. ყველაფერზე წამსვლელია ეს პიროვნება. ყველასთან შეუძლია გარიგებაზე წავიდეს. მართლა რეალურად დიდი ფულის მფლობელია და ფულით დღეს ბევრი რამის გაკეთება შეიძლება. მე ველოდები მისგან ბევრ სიბინძურეს და პროვოკაციას. ის დგას ჩვენი უბედურების უკან“, - უთხრა ნანა თოდუამ „ლაივპრესს“.

ამბობს, რომ მარტივად შეიძლება გამოიკვლიონ მათი ოჯახის ფინანსური მდგომარეობა, როგორი იყო ადრე და დღეს რა ვითარება აქვთ. მისივე თქმით, ადამიანი, რომელსაც კორუფციაში ადანაშაულებენ, მამაპაპურ სახლს ჰყიდის.

ნანა თოდუამ მიმართვა ფეისბუკ გვერდზეც გაავრცელა, სადაც წერია, რომ მას შემდეგ, რაც ლაშა გოგიამ გადაწყვიტა ბრძოლა საკუთარი სიმართლის დასამტკიცებლად, გაჩნდა საშიშროება ოჯახსა და ახლობლებზე მორალური ზეწოლის, ფიზიკური ძალადობის:

„მივმართავ ედიშერ თოლორაიას და ოგნევ/კვირკვიას, შეწყვიტეთ პროვოკაციები“, - ნათქვამია განცხადებაში.

ზუგდიდის მაჟორიტარ დეპუტატთან დაკავშირებას „ლაივპრესი“ დიდი ხანია ვერ ახერხებს. ის შეტყობინებებს არც პარლამენტარის ფეისბუკის ოფიციალურ გვერდზე პასუხობს.

სუს-მა გია გულორდავა და ლაშა გოგია დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე 2018 წლის პირველ ნოემბერს დააკავა. რაც შეეხება თენგიზ ქობალიას, გამოძიების ცნობით, მას ჰქონდა ინფორმაცია ქრთამის აღების ფაქტზე, თუმცა ყოფილი მაღალჩინოსნების დანაშაული დაფარა.

ექსპერტმა გავრცელებული ჩანაწერის ავთენტურობა უკვე დაადასტურა.

საქმესთან ედიშერ თოლორაიას კავშირზე საუბრობს ლაშა გოგიას უფლებადამცველი ნიკოლოზ მჟავანაძეც.

დაკავებულთაგან არცერთი დანაშაულს არ აღიარებს.