სანდრა რულოვსის წინააღმდეგ გიორგი შენგელიას დიდი უპირატესობა აქვს - მაჟორიტარი
„დღეს ზუგდიდს, ღირსეული ზუგდიდელი მერი სჭირდება. ადამიანი, რომელსაც უყვარს ზუგდიდი, ესმის ხალხის და იცის, როგორ აკეთოს საქმე. სწორი არჩევანი გაკეთდა, რომ აქცენტი საბოლოოდ მენეჯერულ უნარ-ჩვევებსა და პროფესიონალიზმზე შეჩერდა და ზუგდიდის მერობის კანდიდატად გეგა შენგელია დავასახელეთ. გეგას სახით ზუგდიდს ძლიერი მენეჯერი, კეთილსინდისიერი ადამიანი და რაც ყველაზე მთავარია, ზუგდიდის საჭიროებების ზედმიწევნით მცოდნე მერი ეყოლება. ის ზუგდიდის შვილია, კარგად იცნობს და გრძნობს ზუგდიდს და ზუგდიდელები კი კარგად იცნობენ მას. აქ დაიბადა, აქ გაიზარდა და დარწმუნებული ვარ, არაფერს დაიშურებს ზუგდიდის კეთილდღეობისთვის. ასე რომ, სანდრა რულოვსის წინააღმდეგ გეგა შენგელიას დიდი უპირატესობა აქვს. წარმატებები ვუსურვოთ ღირსეულ კანდიდატს, გეგა შენგელიას“, - აცხადებს მერაბ ქვარია.
„ქართული ოცნება - დემოკრატიულმა საქართველოს“ პოლიტიკურმა მდივანმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს ზუგდიდის მერობის კანდიდატად გიორგი შენგელია წარადგინა.
„მას აქვს კერძო, ასევე საჯარო სექტორში მუშაობის გამოცდილება. უკანასკნელ პერიოდში ბატონი გიორგი იკავებდა ზუგდიდის მერის პირველი მოადგილის პოზიციას და ჩვენ ვართ დარწმუნებულები, რომ მისი მერობის პირობებში, ჩვენი საამაყო ქალაქი ზუგდიდი განვითარების ახალ იმპულსს შეიძენს“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მერის რიგგარეშე არჩევნებში მისი კონკურენტი პოლიტიკური გაერთიანებიდან „ძალა ერთობაშია“ იქნება ყოფილი პირველი ლედი სანდრა რულოვსი.
ზუგდიდის მერობის სურვილი გამოთქვეს ასევე ფეხბურთის ფედერაციის ყოფილმა პრეზიდენტმა ზვიად სიჭინავამ, "სამეგრელოს ხმის" დამფუძნებელმა თენგიზ ჯგუშიამ, იურისტმა მალხაზ ქუჩულორიამ, თუმცა კანდიდატად ისინი ჯერ ოფიციალურად არ დასახელებულან.