ახალი ამბები
ზუგდიდში ზვიად გამსახურდია გაიხსენეს [ვიდეო]
ზუგდიდში პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას დაბადების 80 წლის იუბილესთან და რეფერენდუმის 28 წლის თარიღთან დაკავშირებით, შეხვედრა გაიმართა. ღონისძიებაზე თანამოაზრეებმა, ეროვნული გვარდიის მაშინდელმა წევრება გაიხსენეს პირველი პრეზიდენტი, 90-იანი წლების მოვლენები, რომლის ამსახველი ქეთი სესიაშვილის მიერ მომზადებულკი დოკუმენტური ფილმი უჩვენეს. ფილმის მიმდინარეობისას, სტუმრებმა რამდენჯერმე ტაშით და პეხზე წამოდგომით გამოხატეს ემოცია ზვიად გამსახურდიას მოსახლეობისადმი მიმართვის დროს.

ეროვნული გვარდიის ყოფილმა სარდალმა ლოთი ქობალიამ აღნიშნა, რომ 31 მარტი ქართველი ხალხის ნების გამოხატვის დღეა, როცა მათ ერთხმად დაუჭირეს მხარი ქვეყნის დამოუკიდებლობას. მან ზვიად გამსახუდია „ერთადერთ და განუმეორებელ პრეზიდენტად მოიხსენია, რომელმაც უცხო სახელმწიფოს იმპერიალისტური ზრახვებიდან „უსისხლოდ დაიხსნა“ საკუთარი ერი და მოიპოვა თავისუფლება.

„დამოუკიდებლობის გამოცხადების წინა დღეს დამიბარა და მკითხა, რა გაგიხარდება ყველაზე მეტად. ყოველთვის იარაღს მჩუქნიდა. ვიფიქრე, კიდევ იარაღს მჩუქნის მეთქი. მითხრა - ხვალ ვაცხადებ დამოუკიდებლობას. ეს იყო ყველაზე ძვირფასი დღე ჩემთვის და ალბათ მთელი ქართველი ერისთვის“, - განმარტა ლოთი ქობალიამ.

დოკუმენტურ ფილმს, რომელიც დღეს უჩვენეს, ასე ჰქვია - „ჩემი საქართველოს ჩემი პრეზიდენტი - სამშობლოს სიყვარულს ზვარაკად შეწირული პრეზიდენტის საჩუქარი ქართველ ერს“. ავტორი ქეთი სესიაშვილი ამბობს, რომ მან დოკუმენტური მასალის მომზადება საგანგებოდ ზვიად გამსახურდიას 80 წლის იუბილისთვის გადაწყვიტა. მისი თქმით, ნამუშევარი საარქივო კადრებითაა აწყობილი, რომელსაც თან პირველი პრეზიდენტის საყვარელი კომპოზიტორის, შოპენის მუსიკა ერთვის.

„ფილმი დაიწყო მერაბ კოსტავას ლექსით. ეს ასეც უნდა ყოფილიყო, რადგან ზვიადი და მერაბი შორს ერთმანეთისგან ვერსდროს იქნებიან. როცა ამ ფილმზე ვმუშაობდი, თითოეულ ფრაზას ვწვდებოდი. ეს იყო საოცარი მუხტი. მე თან ვტიროდი და თან ვაკეთებდი. მთელი ჩემი ენერგია ამ ფილმს მოვახმარე“, - განმარტა ქეთი სესიაშვილმა.

31 მარტს ზვიად გამსახურდიას 80 წელი შეუსრულდებოდა. საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა ღონისძიებაა დაგეგმილი პრემიერის ინიციატივით.

ზუგდიდში მთავრობის მეთაურმა პირველი პრეზიდენტის სახელობის ბიბლლიოთეკის მშენებლობა დააანონსა.