ახალი ამბები
ზუგდიდში ბერტა ფონ ზუტნერის მშვიდობის პრემია დაფუძნდება
მალე საქართველოში ბერტა ფონ ზუტნერის სახელობის საერთაშორისო პრემია დაფუძნდება. ეს იქნება ერთგვარი წახალისება ადამიანების, რომლებიც წლებია ჩართულები არიან სამშვიდობო დიალოგის პროცესსა და კონფლიქტების ტრანსფორმაციის საქმეში. იდეა ზუგდიდელ სალომე ადამიას ეკუთვნის. ის ახალგაზრდული საინიციატივო ჯგუფის წევრი და მშვიდობის აქტივისტია. პრემიის დაარსება ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ ჩაიფიქრა. შემოიკრიბა თანამოაზრეები, რომლებთან ერთადაც დაწყებული მუშაობა დღეს უკვე ლოგიკურ დასასრულს მიუახლოვდა. 8 მაისს ზუგდიდი პირველად უმასპინძლებს გამარჯვებულის დაჯილდოვების ღონისძიებას. მეტიც, პრემია სწორედ აქ დაიდებს ბინას, ქალაქში, სადაც ავსტრიელმა მშვიდობის ნობელიანტმა ქალმა და პაციფისტმა მწერალმა თავისი ცხოვრების მნიშვნელოვანი და გარდამტეხი წლები გაატარა.

სალომე ადამიამ "ლაივპრესს" უთხრა, რომ პრემიის დაარსებას იმთავითვე რამდენიმე მიზანი აქვს. ერთ-ერთი მშვიდობის მშენებლობის პროცესის მონაწილე ადამიანების შრომის დაფასებაა, რომლის შედეგებიც მხოლოდ გრძელვადიან პერსპექტივაში შეიძლება გამოჩნდეს, თემის სპეციფიკიდან გამომდინარე. იდეის ავტორის თქმით, იგივე მიზეზით ეს მოქალაქეები ხშირ შემთხვევაში საზოგადოებისთვის უჩინრები არიან და ზედაპირზე არ ჩანან.

მანვე აღნიშნა, რომ ბერტა ფონ ზუტნერი სწორედ სამეგრელოში, ზუგდიდში ცხოვრების გამოცდილებამ აქცია სამშვიდობო პროცესების მნიშვნელოვან მონაპოვრად, რადგან აქ მოახერხა ავსტრიელმა ქალმა ბევრ საკვანძო საკითხზე დაფიქრება და კონცენტრირება, მომავალში მისი, და არამხოლოდ მისი ცხოვრების მთავარ იმპულსად რომ იქცა.

სალომე ადამია მთელს ამ პროცესში ყურადღებას მშობლიური ქალაქის სამშვიდობო ფუნქციაზე ამახვილებს. ამბობს, რომ ეს ისტორიული როლი დღემდე შეუქცევადია და თანამედროვე რეალობაშიც კი, ზუგდიდი ინარჩუნებს მოდერატორის დანიშნულებას, რაშიც გეოპოლიტიკური ვითარება, იგივე კონფლიქტურ რეგიონთან მეზობლობაც ეხმარება.

ფოტო სალომე ადამიას ფეისბუკიდან

იდეის ავტორი ფიქრობს, რომ საქართველოში ბევრია, ვინც ამ პრემიას იმსახურებს. თუმცა ჩანაფიქრის მასშტაბი ლოკალური ვერ იქნება. გამარჯვებულებს ყოველწლიურად მომავალში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებით და ექსპერტებით დაკომპლექტებული ჟიური გამოავლენს. სალომე ადამიას აზრით, პრემიის დაწესება ერთგვარი მოტივაციაც იქნება ახალგაზრდა თაობისთვის, რომლებსაც დღეს ნაკლებად აინტერესებთ სამშვიდობო დიალოგი და კონფლიქტების მოგვარებაზე ზრუნვა.

"აუცილებლად, ეს პრემია დაიდებს ბინას ზუგდიდში. აქ შედგება დაჯილდოვება 8 მაისს, რომელიც არის ევროპის დღე. ეს დღე შემთხვევით არ შეგვირჩევია. გვინდა საზეიმო ღონისძიებით შევუერთდეთ ევროპულ ოჯახს ძალიან ლოგიკურად. საერთაშორისო ორგანიზაციები, მათ შორის ავსტრიის საელჩო გვეხმარება საპრიზო ფონდის და სხვა ლოჯისტიკური საკითხების გადაწყვეტაში", - გვითხრა სალომე ადამიამ.

მისი თქმით, პროცესში ჩართული იქნება მეორეს მხრივ ზუგდიდის მერიაც, რადგან ქალაქი საერთაშორისო მნიშვნელობის ღონისძიების გამართვის ადგილი იქნება, რომელიც არაერთ უცხოელ სტუმარს, მათ შორის დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს უმასპინძლებს.

ახალგაზდული საინიციატივო ჯგუფი ოთხ ადამიანს აერთიანებს. ამასთან, რამდენიმე პარტიორ ორგანიზაციას, საელჩოს. სალომე ბერტას მეგობართა კლუბის სამშვიდობო საზოგადოების წევრიცაა, რომელიც ამ პროცესების ერთ-ერთი მონაწილეა.

საპრიზო ფონდი 3 000 ლარია. თუმცა მშვიდობის აქტივისტს იმედი აქვს, რომ თანხის გაზრდას მომდევნო წლებში შეძლებენ.

სალომე ადამია ამბობს, რომ პრემიის დაწესებას კიდევ ერთი ირიბი მიზანი აქვს - ქვეყნის და ზუგდიდის პოპულარიზება, ტურისტებისთვის მეტად მიმზიდველ და საინტერესო ლოკაციად ქცევა.

ბერტა ფონ ზუტნერი პირველი ქალია, რომელიც ალფრედ ნობელის პრემიის ლაურეატი გახდა ჯერ კიდევ 1905 წელს. ავსტრიელი მწერალი სამეგრელოს სამთავროს უკანასკნელ დედოფალთან, ეკატერინე ჭავჭავაძესთან მეგობრობდა და ხუთი წლის მანძილზე ზუგდიდში ცხოვრობდა.

ბერტა ფონ ზუტნერზე ადგილობრივმა მერიამ ორი წლის წინ დოკუმენტური ფილმი - "ქართველებთან და საქართველოში" გადაიღო. შარშან კი ერთ-ერთ ქუჩას ზუგდიდში მისი სახელი მიანიჭა.