ახალი ამბები
პროკურატურას „ლენდოს“ საქმეში ყოფილი ბრალდებულისთვის 20 ათასი ლარის გადახდა დაეკისრა
მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "ლენდოს" დაყაჩაღებაში ბრალდებული გიორგი კუკავას მიმართ, რომელიც ციხეში გატარებული 9 თვის შემდეგ უდანაშაულოდ ცნეს, პროკურატურას 20 ათას ლარამდე თანხის გადახდა დაეკისრა. ადვოკატმა იოსებ ჯანაშიამ "ლაივპრესს" უთხრა, რომ საგამოძიებო ორგანოსგან ისინი მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურებას ითხოვდნენ. დავა საბოლოო ჯამში მათ სასარგებლოდ გადაწყდა.

გადაწყვეტილება ზუგდიდის სასამართლომ რამდენიმე წუთის წინ მიიღო. მორალური ზიანისთვის პროკურატურას 7 ათასი, მატერიალური ზიანისთვის კი 13 ათასი ლარის გადახდა დაეკისრა.

"გასაჩივრების ეტაპებია და ალბათ გაასაჩივრებენ, რადგან ამ გადაწყვეტილებით კმაყოფილები არ არიან. მაგრამ არამგონია რამე შეიცვალოს", - გვითხრა ადვოკატმა.

მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "ლენდო" გასული წლის 16 მარტს დააყაჩაღეს. მაშინ ოფისში ერთი პირი შეიჭრა და სათამაშო იარაღის გამოყენებით 5 ათასი ლარი გაიტაცა. საქმესთან დაკავშირებით იმავე დღეს გიორგი კუკავა დააკავეს. მას ბრალი წარდგენილი ჰქონდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით, რაც ყაჩაღობას გულისხმობს. ცხრა თვის შემდეგ ის სასამართლომ გაათავისუფლა.

მოგვიანებით, ამ საქმეზე ზუგდიდის მერიის ყოფილი თანამშრომელი ილია გოგილავა დააკავეს. მას მოსამართლე შოთა ბიჭიამ საქმის არსებითი განხილვის გარეშე 5 წლით პატიმრობა მიუსაჯა.