ახალი ამბები
ბაჩანა შენგელია შს მინისტრთან და მთავარ პროკურორთან ითხოვს შეხვედრას
ზუგდიდის #6-ე საჯარო სკოლის ყოფილი დირექტორის, ია კერზაიას შვილი შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიასთან და მთავარ პროკურორ შალვა თადუმაძესთან ითხოვს შეხვედრას. ბაჩანა შენგელიას თქმით, უკვე თითქმის ერთი თვე გავიდა მას შემდეგ, რაც გახარიამ სატელევიზიო ეთერში განაცხადა, რომ გენერალურ პროკურორს განსაკუთრებულ კონტროლზე ჰყავს ეს საქმე აყვანილი და ძალიან მალე გაეცემოდა კითხვებს პასუხი.

"არათუ კითხვებს არ გაეცა პასუხები, საქმის მასალებსაც კი არ მაცნობენ. შესაბამისად, ვითხოვ შეხვედრას საქართველოს გენერალურ პროკურორთან. ასევე, როგორც ჩანს, ბატონი გიორგი გახარია სრულად იცნობს საქმის დეტალებს და არის გარკვეული გარემოებები, რაზედაც პირადად მას მინდა დაველაპარაკო", - წერს ბაჩანა შენგელია სოციალურ ქსელში.

რამდენიმე დღის წინ მან გაასაჩივრა პროკურატურის უარი დაზარალებულად ცნობაზე.

თავის მხრივ, საგამოძიებო ორგანოში განმარტეს, რომ ია კერზაიას შვილისთვის ცნობილია უარის მიზეზი.

ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის დირექტორი ია კერზაია ინსულტით 2018 წლის დეკემბერში გარდაიცვალა. ამას წინ უძღოდა დარღვევების არსებობის შესახებ მოქალაქის წერილის საფუძველზე სკოლაში შემოწმების დაწყება. ბაჩანა შენგელია ამბობს, რომ დედამისზე მიდინარეობდა წინასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკური ზეწოლა. გარდაცვალებამდე იგივეს აცხადებდა თავად ია კერზაია. განათლების სამინისტროში ბრალდებას უარყოფენ და აცხადებენ, რომ ეს იყო რიგითი შემოწმება.

საიას განმარტებით, სკოლებში ინსპექტირება სავარაუდოდ დირექტორებზე პოლიტიკური ზეწოლის მიზნით ჩატარდა.