ახალი ამბები
კორცხელში მერობის კანდიდატთან პროვოკაციის მოწყობა სურდათ - „ოცნების“ ზუგდიდის შტაბი
სოციალურ ქსელში, გვერდმა „კორცხელი“ გაავრცელა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს“ ზუგდიდის მერობის კანდიდატს გიორგი შენგელიას მოქალაქეები ეკამათებიან.

მოქალაქეების თქმით, გაზრდილი კრიმინალის გამო, მათ ეშინიათ.

„მიშას დრო მენატრება, ის დრო მენატრება, კი მიშას დროსაც გირგვლიანი იყო, რამდენი მკვკლელობა იყო, მაგრამ ახლა სარალიძე, რამდენი მკვლელობაა, რა ხდება, ქუჩაში ვერ გაივლი თავისუფლად“, - ამბობს ერთ-ერთი მოქალაქე.

„ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბში „ლაივპრესს“ უთხრეს, რომ მერობის კანდიდატს გიორგი შენგელიას დღეს კორცხელის მოსახლეობასთან ჰქონდა შეხვედრა, სადაც რამდენიმე „მოგზავნილ“ ადამიანს სურდა პროვოკაციის მოწყობა.

„ეს არ იყო კამათი, შეხვედრაზე იყო რამდენიმე მოგზავნილი ადამიანი, რომელთაც სურდათ რომ მწყობრიდან გამოეყვანათ კანდიდატი. ისინი სვამდნენ პროვოკაციულ კითხვებს, უნდოდათ გამოეწვიათ ხმაური, მათ შორის იყო „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების დროს კორცხელის გამგებლის მოადგილის მამა ჯიმშერ თორდია. მაგრამ ჩვენ მშვიდად შევხვდით პროვოკაციას. გიორგი შენგელია მოსახლეობას ესაუბრა სოფლის პრობლემებზე და გააცნო მათ პრობლემების მოგვარების გეგმა. კერძოდ, კანდიდატის განცხადებით, გამოიყოფა მიწა სოფლის ამბულატორიის ასაშენებლად”, - განაცხადეს „ქართული ოცნების“ შტაბში.

ზუგდიდი მერს 19 მაისს აირჩევს. მერის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც 2018 წლის სექტემბერში პოსტი დატოვა "ქართული ოცნებიდან" 2017 წელს არჩეულმა ლაშა გოგიამ.

2018 წლის ნოემბერში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ ლაშა გოგია დიდი ოდენობით ქრთამის აღების ბრალდებით დააკავა. ის ბრალდებას უარყოფს.