ახალი ამბები
კახა მიქაიამ „დაიცავი საქართველო“ დატოვა
„დაიცავი საქართველოს“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა კახა მიქაიამ ორგანიზაცია დატოვა.

„მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო საზოგადოებრივი მოძრაობა "დაიცავი საქართველო". ჩემი დიდი სურვილია, ასპარეზი დავუთმო ახალგაზრდებს, რადგან დარწმუნებული ვარ, რომ სწორედ ახალი ენერგია სჭირდება დღეს ქვეყანას პოლიტიკური, სოციალური და მორალური კრიზისიდან თავის დასაღწევად, საზოგადოების წინაშე არსებული გამოწვევების ახლებურად გასააზრებლად!

რაც შემეხება მე, ვეცდები, ჩემი მოკრძალებული წვლილი კვლავაც შევიტანო ქვეყნის ინტერესების დაცვის საქმეში“, - წერს ფეისბუკზე კახა მიქაია.

მან „ლაივპრესს“ უთხრა, რომ სამომავლო გეგმებზე უახლოეს მომავალში ისაუბრებს.

საზოგადოებრივმა მოძრაობამ „დაიცავი საქართველო“ 13 აპრილს თბილისში შეკრება გამართა, რომელსაც ორგანიზაციის წევრებთან ერთად „ქართული ოცნების“ უკვე ყოფილი წევრები ეკა ბესელია, ზვიად კვაჭანტირაძე, გედევან ფოფხაძე, ლევან გოგიჩაიშვილი, ბექა ნაცვლიშვილი და კობა ნარჩემაშვილი ესწრებოდნენ.