ახალი ამბები
ტურიზმის ააიპ-ს დირექტორი ჯერ კიდევ არ ჰყავს
სამეგრელო-ზემო სვანეთში დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციაში კონკურსის შედეგად 4 კანდიდატურა შეარჩიეს.

ტურიზმის განვითარებისა და პროექტების მენეჯერი ალექსანდრე დოლბაია, პროექტების მენეჯერი ედუარდ ფარცვანია, მარკეტინგის და საზოგადოებასთან ურთიერთობის (PR) მენეჯერის პოზიციაზე ედიშერ ბაღათურია, ხოლო ფინანსური მენეჯერი თეა საჯაია იქნება.

რაც შეეხება დირექტორს, ამ პოზიციაზე ვაკანსია თავიდან გამოცხადდება, - უთხრა „ლაივპრესს“ სამხარეო ადმინისტრაციის აპარატის უფროსმა ლევან წულაიამ. მისივე თქმით, დირექტორის მოვალეობას დროებით ალექსანდრე დოლბაია შეასრულებს.

ახალი ინტერმუნიციპალური ააიპის თანამშრომლები სამეთვალყურეო საბჭომ შეარჩია, რომელიც დაკომპლექტებული იყო მუნიციპალიტეტების თანამდებობის პირებისა და კერძო სექტორისგან.

საბჭოში კერძო სექტორის წარმომადგენლის, მარიკა თოდუას განცხადებით, თანამშრომლების შერჩევისას, კერძო სექტორის რეკომენდაციები გაითვალისწინეს.  

„კონკურსი ზოგადად სტრესული გარემოა. იყო ბევრი საუკეთესო კანდიდატურა, რომელთაც ვერ გამოავლინეს შესაძლებლობები. ჩვენ ვერ დავრწმუნდით, რომ ის კანდიდატურები, რომელსაც ვესაუბრეთ, თავს გაართმევდნენ დირექტორის მოვალეობებს. გვყავდა ჩვენი ფავორიტი, თამარ ჯაკონია, რომელზეც ყველა ვთანხმდებოდით, რომ იყო საუკეთესო, თუმცა მასთან პირობებზე ვერ მოხერხდა შეთანხმება“, - გვითხრა მარიკა თოდუამ.

დანიშნულების მართვის ორგანიზაციამ ვაკანსიები 2 მარტს გამოაცხადა.

ორგანიზაცია გასული წლის 11 დეკემბერს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის და USAID/Zrda-ს ინიციატივით შეიქმნა.