ახალი ამბები
მერობის კანდიდატი ჰომოფობიურ განცხადებებს უარყოფს [ვიდეო]
მე პირველ რიგში ვარ მართლმადიდებელი ქართველი. ვარ ზოგადქართული ცნობიერების ადამიანი. მაგრამ სწორედ ამ ზოგადქართულ ცნობიერებაში ვერ ვპოულობ ადგილს ძალადობისთვის, - უთხრა "ლაივპრესს" ზუგდიდის მერობის კანდიდატმა თენგიზ ჯგუშიამ, არასამთავრობოებთან საკუთარ საარჩევნო პროგრამის ხედვებზე საუბრის დასრულების შემდეგ. მან აღნიშნა, რომ ღონისძიებაზე მათ შორის ლგბტ ადამიანთა უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციის წარმომადგენელიც მიიწვია, და რომ მთავარია ყველას მიმართ ტოლერანტული დამოკიდებულება შეინარჩუნონ.

"ლაივპრესსმა" თენგიზ ჯგუშიას შეახსენა 2014 წელს "სამეგრელოს ხმის" ორგანიზებით გამართული აქცია-მსვლელობა, სადაც სწორედ მისი ხელმძღვანელობით მოქალაქეთა ნაწილმა პარლამენტის მიერ ანტიდისკრიმინაციური კანონის მიღება გააპროტესტა. მაშინ შეკრებილებს ხელთ ჰქონდათ პლაკატები წარწერით - "ოცნება და ნაცები ერთად გვიკანონებს უკუღმართობას", "დაიცავი საქართველოს მომავალი. არა გარყვნილებას".

ჩვენ დავინტერესდით, დღევანდელი განცხადება ხომ არ მოდის წინააღმდეგობაში 5 წლის წინანდელი აქციის შინაარსთან.

თენგიზ ჯგუშიამ გვითხრა, რომ კონკრეტული ადამიანების მიმართ სიტყვა "გარყვნილს" არ იხმარს, მკაცრი შეფასებები კი შესაძლოა ჰქონდეს მხოლოდ ხელისუფლების, და არა ლგბტ საზოგადოების წარმომადგენელთა მიმართ. ამბობს, რომ ჰომოფობია დასაგმობია, ძალადობის ადგილი კი თანამედროვე საზოგადოებაში არ უნდა იყოს.

"მე შეიძლება არ ვიზიარებდე კონკრეტული ჯგუფის ხედვას, ბუნებრივია როგორც მართლმადიდებელი, მაგრამ პატივს უნდა ვცემდე განსხვავებულ მიდგომებს. თანაბრად უნდა ვიცავდეთ ყველა მოქალაქის უფლებას და დამოკიდებულებას. ეს არის ჩემთვის მთავარი.

"რეალურად, განსხვავებული ხედვის მიმართ დისკრიმინაციული მიდგომის წინააღმდეგი ვარ. ნებისმიერ საზოგადოებაში არის რაციონალურად მოაზროვნე ლოგიკური მიდგომების მქონე ადამიანი. ჩემთვის არ ექნება მნიშვნელობა, რომელი წრის წარმომადგენელია ადამიანი, თუ ის თვითმმართველობაში ჩაერთვება", - აღნიშნა თენგიზ ჯგუშიამ.

მერობის კანდიდატის განმარტებით, ის ადრეც და დღესაც, გარყვნილების წინააღმდეგია. კითხვაზე, არის თუ არა ლგბტ საზოგადოება გარყვნილება, ამბობს, რომ გარყვნილებაა, როცა ხელისუფლება გაღატაკებულ მოსახლეობას აზომბირებს წინასაარჩევნოდ:

"მე ვერ მათქმევინებთ იმას, რასაც არ ვფიქრობ. გახრწნილი და გარყვნილია ხელისუფლება, რომელიც ვერ ასაქმებს ადამიანებს და მერე აქცევს 100 და 200 ლარის მათხოვრად. თორემ ნებისმიერი ადამიანის პირადი ცხოვრება და პირადი ცხოვრების წესი ჩემი სპექტრი საკითხებისადმი არ არის და არც იქნება არასდროს".

თენგიზ ჯგუშია ლგბტ აქტივისტებს შარშანაც დაუპირისპირდა, ზუგდიდში, დავით სარალიძის ოჯახის მხარდამჭერ აქციაზე. მან თქვა, შეკრებაზე სიტყვით სარგებლობის უფლება ლგბტ თემის წარმომადგენლებმა შეუზღუდეს.