ახალი ამბები
ეკატერინეს სასახლის რეკონსტრუქციას ფონდი „ქართუ“ არ დააფინანსებს
ზუგდიდის ისტორიულ-არქიტექტურულ მუზეუმში, რომელსაც ეკატერინე ჭავჭავაძის სასახლედ მოიხსენიებენ, რეკონსტრუქციას ფონდი „ქართუ“ აღარ დააფინანსებს. შესაბამისად, ამ ეტაპზე უცნობია ისიც, თუ როდის დაიწყება სასახლის რეკონსტრუქცია, სადაც ერთ-ერთ დარბაზში ჭერის ნაწილი ჯერ კიდევ მარტში ჩამოიშალა და დადიანების ჭურჭლის ნაწილი დააზიანა.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის ნიკოლოზ ანთიძის განცხადებით, სასახლის სარემონტო სამუშაოები მუნიციპალური განვითარების ფონდმა უნდა ჩაიბაროს. არადა, მარტში ანთიძე ირწმუნებოდა, რომ სასახლის რეკონსტრუქციას ფონდი „ქართუ“ აპრილში დაიწყებდა.

„თავიდან იყო საუბარი, რომ „ქართუ“ დააფინანსებდა. ახლა გადაწყდა, რომ სასახლეში სამუშაოებს მუნიციპალური განვითარების ფონდი განახორციელებს. ჩვენ გავაკეთეთ პროექტირება. უახლოეს დროში გამოცხადდება ტენდერი. კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო ჩართული იქნება მხოლოდ მონიტორინგის პროცესში“, - უთხრა „ლაივპრესს“ ნიკა ანთიძემ.

რატომ შეიცვალა დაფინანსების წყარო კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოში, ვერ აკონკრეტებენ.

მუნიციპალური განვითარების ფონდში კი განმარტეს, რომ ზუგდიდის ისტორიულ არქიტექტურული მუზეუმის რეკონსტრუქციის პროექტი კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოდან სულ რამდენიმე დღის წინ მიიღეს.

„პროექტს, რომელიც რამდენიმე დღის წინ მივიღეთ, ვეცნობით. ამ ეტაპზე მეტის თქმა არ შეგვიძლია“, - უთხრეს „ლაივპრესს“ მუნიციპალური განვითარების ფონდში.

დამატებითი ინფორმაცია, ვინ და როდის დაიწყებს სასახლის რეკონსტრუქციას უცნობია მუზეუმის დირექტორისთვის. ლილი ბერაიამ სასახლის მდგომარეობასთან დაკავშირებით „ლაივპრესის“ კითხვის საპასუხოდ განმარტა, რომ 1 მარტის შემდეგ ჭერის ჩამოშლის პროცესი არ გაგრძელებულა.

დადიანების ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის სრული რეკონსტრუქციის შესახებ დაპირება 2014 წელს გასცა ირაკლი ღარიბაშვილმა ზუგდიდში ყოფნისას, როცა ის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე იყო.

რაც შეეხება ზუგდიდის ისტორიულ-არქიტექტურულ მუზეუმში 1 მარტს ჭერის ჩამონგრევისას დაზიანებულ ჭურჭელს, მისი აღდგენის პროცესი ეროვნული მუზეუმის რესტავრატორების ჩართულობით მიმდინარეობს. საქართველოს კულტურის სამინისტროს ცნობით, ექსპონატებისთვის პირვანდელი იერსახის დაუბრუნება საკმაოდ ხანგრძლივი პროცესია და დაზუსტებით ვერ იტყვიან როდის დასრულდება.

ცნობისთვის, ფონდი „ქართუს“ დამფუძნებელი ყოფილი პრემიერ-მინისტრი და პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილია.