ახალი ამბები
ეკატერინე ჭავჭავაძის სასახლის რეკონსტრუქციას ჩვენ დავაფინანსებთ - MGF

ზუგდიდში, ეკატერინე ჭავჭავაძის სასახლის

რეკონსტრუქციას მუნიციპალური განვითარების ფონდი განახორციელებს. ამის შესახებ ინფორმაცია თავად ფონდმა გაავრცელა. ეს მას შემდეგ, რაც "ლაივპრესმა" გამოაქვეყნა მასალა, რომ დადიანების სასახლის აღდგენისთვის თანხას "ქართუ" აღარ გამოყოფს.

მუნიციპალური ფონდის თქმით, ისინი სამეგრელო-ზემო სვანეთში ინფრასტრუქტურის განვითარების პროგრამას ახორციელებენ. მათ შორის არის ბოტანიკური ბაღი, რომლის მშენებლობაც ზაფხულში უნდა დასრულდეს. ასევე, ბიბლიოთეკის და სპორტკომპლექსის მშენებლობა.

ჯერ კიდევ გუშინ, 2 მაისს მუნიციპალური განვითარების ფონდში გვითხრეს, რომ ზუგდიდის ისტორიულ არქიტექტურული მუზეუმის რეკონსტრუქციის პროექტი კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოდან სულ რამდენიმე დღის წინ მიიღეს, რომელსაც ეცნობიან. მათივე განმარტებით, ამ ეტაპზე სხვას ვერაფერს გვეტყვიან.

რატომ შეიცვალა დაფინანსების წყარო კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოში, ვერ აკონკრეტებენ.

დამატებით ინფორმაციას ვერც მუნიციპალური განვითარების მიერ გავრცელებულ დღევანდელ ინფორმაციაში წაიკითხავთ.

დამატებითი ინფორმაცია, ვინ და როდის დაიწყებს სასახლის რეკონსტრუქციას უცნობია მუზეუმის დირექტორისთვის.

დადიანების ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის სრული რეკონსტრუქციის შესახებ დაპირება 2014 წელს გასცა ირაკლი ღარიბაშვილმა ზუგდიდში ყოფნისას, როცა ის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე იყო.

რაც შეეხება ზუგდიდის ისტორიულ-არქიტექტურულ მუზეუმში 1 მარტს ჭერის ჩამონგრევისას დაზიანებულ ჭურჭელს, მისი აღდგენის პროცესი ეროვნული მუზეუმის რესტავრატორების ჩართულობით მიმდინარეობს. საქართველოს კულტურის სამინისტროს ცნობით, ექსპონატებისთვის პირვანდელი იერსახის დაუბრუნება საკმაოდ ხანგრძლივი პროცესია და დაზუსტებით ვერ იტყვიან როდის დასრულდება.

ცნობისთვის, ფონდი "ქართუს" დამფუძნებელი ყოფილი პრემიერ-მინისტრი და პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილია.