ახალი ამბები
ვინ ისარგებლებს გამყოფი ხაზის გასწვრივ ვაჭრობის ახალი პროგრამით
საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილმა არასამთავრობო სექტორს და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს სამშვიდობო ინიციატივა „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ და მისი ახალი პროგრამა „აწარმოე უკეთესი მომავლისათვის“ გააცნო. ის ვაჭრობის წახალისებას გულისხმობს გამყოფი ხაზების გასწვრივ.

ქეთევან ციხელაშვილის განცხადებით, პროგრამა უზრუნველყოფს გამყოფი ხაზების ორივე მხარეს მცხოვრები მოსახლეობის ერთობლივი წარმოების და პარტნიორული პროექტების მხარდაჭერას.

მისი ინფორმაციითვე, პროგრამის მოსარგებლე შეიძლება გახდეს - აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში ან ცხინვალის რეგიონში (ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიებზე) ლეგიტიმურად მცხოვრები 18 წელს მიღწეული ფიზიკური პირი; აგრეთვე, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებული მეწარმე სუბიექტი, რომელიც საქმიანობას ლეგიტიმურად ახორციელებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე. აგრეთვე 18 წელს მიღწეული საქართველოს მოქალაქე ფიზიკური პირი და რეგისტრირებული მეწარმე, რომელიც საქმიანობას ახორციელებს საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე;

პროგრამის მიხდევით, დაფინანსების მაქსიმალური ოდენობა განისაზღვრება:

7 000 ლარამდე ერთ ბენეფიციარზე, რომელიც უნდა ცხოვრობდეს ან საქმიანობდეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე;

15 000 ლარამდე ჯგუფზე, რომელიც შედგება ორი ბენეფიციარისგან, მათ შორის ერთი უნდა ცხოვრობდეს ან საქმიანობდეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე;

20 000 ლარამდე ჯგუფზე, რომელიც შედგება სამი ბენეფიციარისგან, მათ შორის მინიმუმ ერთი უნდა ცხოვრობდეს ან საქმიანობდეს საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე;

35 000 ლარამდე ჯგუფზე, რომელიც შედგება ოთხი ან მეტი ბენეფიციარისგან, მათ შორის მინიმუმ ერთი უნდა ცხოვრობდეს ან საქმიანობდეს საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე;

შერჩევის პირველ ეტაპზე, პროგრამაში მონაწილეობის მსურველი პირები ავსებენ და არეგისტრირებენ ელექტრონულ ბიზნესგეგმას. განაცხადი შედგება აუცილებელი, შესავსები ველებისგან და თავისუფალი ტექსტის ფანჯრისგან. შერჩევის მეორე ეტაპზე კი, ხორციელდება ბიზნესგეგმების განხილვა/შეფასება და გამოვლინდებიან გამარჯვებულები.

ქეთევან ციხელაშვილმა ახალი პროგრამა ზუგდიდში ასოციაცია „იმედი“ - დევნილ ქალთა მოძრაობა მშვიდობისათვის ორგანიზებით წარადგინა.