ახალი ამბები
გარბენი საოკუპაციო ხაზამდე - აფხაზეთის მეზობელ სოფელში ევროპის დღეები აღნიშნეს [ფოტო]
ევროპის დღეები საოკუპაციო ხაზთან, სოფელ ორსანტიაში გარბენით აღნიშნეს. ოთხი სკოლის შეჯიბრში პირველი ადგილი კოკის და შამგონის მოსწავლეებმა, მეგი შენგელიამ და მიშიკო ფარცვანიამ დაიკავეს. გამარჯვებულები თასებით და სერთიფიკატებით დაჯილდოვდნენ.

ორსანტიის და კოკის სკოლის ქორეოგრაფიულმა ანსამბლებმა აფხაზური ცეკვები და სიმღერები შეასრულეს. კონცერტს ენგურს გაღმა ნაპირიდან მეზობელი სოფლის, ოტობაიელი ბავშვებიც უყურებდნენ.

ორსანტიაში ევროპის დღეები ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის სამეგრელო-ზემო სვანეთის ბიუროს ორგანიზებით და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიასთან თანამშრომლობით აღინეშნეს.

ევროპის დღეების ფარგლებში სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ასევე დაგეგმილია საინფორმაციო აქცია ზუგდიდში, სემინარი რეგიონული მედიის წარმომადგენლებისთვის, საინფორმაციო შეხვედრა რეგიონის ფერმერებთან, მეწარმეებთან, ადგილობრივი თვითმმართველობის და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან, შეხვედრები საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლების მოსახლეობასთან, სტუდენტებთან, ღონისძიება "ერთიანობა მრავალფეროვნებაში" ფოთში, ვიქტორინა რეგიონის საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეების მონაწილეობით და ევროპის დღე მესტიაში.

რამდენიმე დღის წინ ზუგდიდში, ახალგაზრდებმა საინფორმაციო ბროშურებიც დაარიგეს ნატოს და ევროკავშირის შესახებ.

ევროპის დღეები 5 მაისს დაიწყო და მაისის ბოლომდე გაგრძელდება.

საზეიმო თარიღთან დაკავშირებით, ღონისძიებები ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის და საგარეო საქმეთა სამინისტროს ინიციატივით იმართება.

მიზანი მაქსიმალურად მეტი ადამიანის ჩართვაა და მათი ინფორმირება საქართველოს ევროკავშირთან თანამშრომლობის, ასევე უვიზო მიმოსვლაზე.