ახალი ამბები
ოპოზიციის მტკიცებით, საოლქო კომისიიდან რეგისტრატორის ბეჭედიც წაიღეს [ვიდეო]
ოპოზიციის წარმომადგენლებსა და ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე მირანდა მესხს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. ეს მას შემდეგ, რაც გაირკვა რომ სიებთან ერთად, რეგისტრატორის ბეჭდებიც არის წაღებული

თინა ბოკუჩავას თქმით, სიები სინამდვილეში დაქსეროქსების მიზნით წაიღეს.

მირანდა მესხის თქმით, ასე ოპოზიცია აცხადებს. თავად კი ამბობს, რომ კანონი არ დაურღვევიათ.

"თქვენს გაგიჩნდათ ეჭვი და დავაბრუნეთ სიები უკან. დაილუქება ეს სიები", - აღნიშნა მან.

ოპოზიციის კითხვაზე, რატომ ვერ მოიტანეს ეს სიები, ამ დრომდე, ოლქის თავმჯდომარემ განმარტა, რომ რა დროც არ უნდა დასჭირდეს, ამ სიებს დააბრუნებენ.

"ამდენ არჩევნებში მიმიღია მონაწილეობა და ასეთი რაღაც არსად არ მინახავს. სიები დალუქული უნდა იყოს და აქ "ორი ნაბიჯის" პარკებით მოიტანეს", - აღნიშნა ხატია დეკანოიძემ.

ოპოზიციის თქმით, სინამდვილეში ეს იყო არჩევნების გაყალბების მცდელობა.

ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიაში უკმაყოფილება მოჰყვა ამომრჩეველთა სამაგიდო სიების საარჩევნო უბნებზე კანონით განსაზღვრულ დროზე ადრე გადაცემას. კერძოდ, კომისიის წევრის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან", მაია გაწერლიას განცხადებით, სიები კენჭისყრამდე 6 დღის ადრე გაიცა, როცა კანონის მიხედვით, არჩევნებამდე არაუგვიანეს 12 საათისა უნდა გაცემულიყო.

თავის მხრივ, საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე მირანდა მესხის განმარტებით, სამაგიდო სიები რამდენიმე უბანზე შემთხვევით გაჰყვათ, თუმცა პრობლემა უკვე აღმოფხვრილია და ეს სიები უკან დააბრუნეს.