ახალი ამბები
საოლქო კომისიაში აცხადებენ, რომ სამაგიდო სიების ნაწილი ადრე გასცეს უბნების სიმრავლის გამო
ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე მირანდა მესხის განცხადებით, რამდენიმე უბანზე ამომრჩეველთა ერთიანი სიების სამაგიდო ვერსია დროზე ადრე იმ მიზეზით გასცეს, რომ მუნიციპალიტეტში 107 საარჩევნო უბანია და მათი მომსახურება ერთდროულად ვერ ესწრება. მანამდე მან განსხვავებული მიზეზი დაასახელა და თქვა, რომ სიები რამდენიმე საარჩევნო უბნისთვის შეცდომით გადაიცა.

რაც შეეხება ბეჭდებს, მისი სიტყვებით, ის სხვა ინვენტართან ერთად გაცემულია მიღება-ჩაბარების აქტით. როგორც საოლქო კომისიის თავმჯდომარე ირწმუნება სიებს დააბრუნებენ და ყველას თანდასწრებით დალუქავენ გადათვლის შემდეგ.

„ოლქი ეტაპობრივად გადასცემს გარკვეული ტიპის ინვენტარს, გარკვეული ტიპის დოკუმენტს. ასევე გატანილი იყო ამომრჩეველთა ერთიანი სიის სამაგიდო ვერსიები. ვინაიდან გაჩნდა პრობლემა ამ სიებთან დაკავშირებით, წარმომადგენლებთან, დამკვირვებლებთან, კომისიის წევრებთან შეთანხმების საფუძველზე დაბრუნებულ იქნა ამომრჩეველთა ერთიანი სიის სამაგიდე ვერსიები, რომელსაც აგერ, წარმომადგენლების, დამკვირვებლებლების, წევრების თანდასწრებით თავიდან გადაითვლიან.

რამდენიმე უბანს ჰქონდა წაღებული. დაითვლიან, დალუქავენ პოლიეთილენის პარკებში და გავცემთ არაუგვიანეს 12 საათისა ბიულეტენის ბლოკნოტებთან სამართლებრივ აქტებთან და სპეციალურ კონვერტებთან ერთად. რაც შეეხება ბეჭდებს, ლუქებს და სხვა დანარჩენ ინვენტარს, გაცემულია მიღება-ჩაბარების აქტით, გაცემულია დალუქულ მდგომარეობაში, ოლქის ბეჭდით დამოწმებული, ხელმოწერით ხელმძღვაბნელი პირებისა, რასაც ვაკეთებდით პრაქტიკაში, გაგვიკეთებია. ეს არ არის პირველი შემთხვევა. ვინაიდან არის 107 უბნიანი ოლქი, ვერ ვახერხებთ ამდენი უბნის 12 საათის განმავლობაში მომსახურებას და ყველა ტიპის დოკუმენტის და ინვენტარის გაცემას“, - განაცხადა მირანდა მესხმა.

ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიაში უკმაყოფილება მოჰყვა ამომრჩეველთა სამაგიდო სიების საარჩევნო უბნებზე კანონით განსაზღვრულ დროზე ადრე გადაცემას. კერძოდ, კომისიის წევრის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან", მაია გაწერლიას განცხადებით, სიები კენჭისყრამდე 6 დღის ადრე გაიცა, როცა კანონის მიხედვით, არჩევნებამდე არაუგვიანეს 2 დღისა უნდა გაცემულიყო. ადგილზე იმყოფებიან არასამთავრობო ორგანიზაციები. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ზუგდიდის ოფისის კოორდინატორის, ჯემალ ჭკადუას განცხადებით, შეისწავლიან თუ რამდენად კანონის დაცვით მოხდა სიების გატანა საოლქო კომისიიდან.