ახალი ამბები
გვაქვს სიები, რომელიც უზრუნველყოფს ჩვენი ამომრჩევლის აღრიცხვას - „ოცნება“
„ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატის, გიორგი შენგელიას შტაბის ხელმძღვანელმა ირაკლი ჩიქოვანმა ბრიფინგი გამართა.

შტაბის ხელმძღვანელის განცხადებით, მათ აქვთ იმ ამომრჩევლების სიები, რომლებიც მათ კანდიდატს აძლევენ ხმას.

„ჩვენი აქტივისტები არიან მობილიზებულები იმისთვის, რომ ყველა ჩვენი ამომრჩეველი, რომელიც ჩვენ უკვე გვყავს იდენტიფიცირებული, მათგან მიღებული გვაქვს თანხმობა, რომ ისინი მობრძანდებიან არჩევნებზე და მხარს დაგვიჭერენ. ისინი მოვლენ ამ არჩევნებზე. მათ ექნებათ სპეციალური სიები. ეს სიები უზრუნველყოფს იმას, რომ ზუსტად შევძლოთ აღრიცხვა ყველა ჩვენი ამომრჩევლის, რომელიც მოვა ადგილზე. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი. ასევე, ჩვენ გვექნება სხვადასხვა ვიდეოს ჩაწერის საშუალებები, რათა თავიდან ავიცილოთ ყველა პროვოკაცია, რომელიც შესაძლოა უბანზე მოხდეს. ასევე, მივმართავ კომისიებში ჩვენს წევრებს, რომ მიუხედავად იმისა, რაოდენ დაძაბული შეიძლება იყოს ვითარება შიგნით, მათაც გამოიჩინონ მაქსიმალური სიმშვიდე და გამოიყენონ აბსოლუტურად ყველა პროცედურა. ჩვენ მზად ვართ არჩევნებისთვის და დარწმუნებულები ვართ, რომ 19 მაისს ვიზეიმებთ გამარჯვებას“, - განაცხადა ირკალი ჩიქოვანმა.

ის ასევე გამოეხმაურა ზუგდიდის საოლქო კომისიაში მომხდარ დაპირიპირებას.

„ჩვენ გვინდა გამოვეხმაუროთ იმ ფაქტს, რომელსაც ადგილი ჰქონდა დღეს საოლქო საარჩვენო კომისიაში, თითოეულმა ჩვენგანმა კარგად დაინახა, რომ ნაციონალური მოძრაობა გადასული არის პირდაპირ დესტრუქციაზე. იმ პირობებში, როდესაც მათ იციან, რომ პირწმინდად აქვთ წაგებული არჩვენები, ისინი ცდილობენ სრული დისკრედიტაცია მოახდინონ საარჩევნო პროცესის, მაგრამ კიდევ ერთხელ მივმართავ საზოგადოებას და განსაკუთრებით ყველა უწყებას, რომ მაქსიმალურად მოთმინებით მოეკიდონ ამ პროვოკაციას, იმიტომ რომ დარჩა მხოლოდ რამდენიმე დღე იმისათვის, რომ ჩვენ გავიმარჯვოთ და გავაფორმოთ დამაჯერებელი გამარჯვება“, - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.