ახალი ამბები
ხალხი გამარჯვებას მილოცავს წინასწარ, დღეს შამპანურიც გახსნეს - სანდრა რულოვსი
განმუხურის ამფითეატრში, გაერთიანებული ოპოზიცია თავის მხარდამჭერებს შეხვდა.
ოპოზიციის მერობის კანდიდატმა სანდრა რულოვსმა განაცხადა, რომ ის იმ ადგილიდან მიმართავს საზოგადოებას, რომლის მშენებლობა მისმა ოჯახმა დაიწყო.

ის კანდიდატმა სანდრა რულოვსმა, მმართველი პარტიიდან მის კონკურენტს გიორგი შენგელიას დებატები შესთავაზა, ამ წუთებში ოპოზიციის ლიდერები და მხარდამჭერები შეკრებილებს ხვდებიან და სიტყვით მიმართავენ.

„ამ ულამაზეს ადგილას დღეს უნდა ყოფილიყო ზუგდიდის, საქართველოს, მთელი ევროპის, აღმოსავლეთ საქართველოს ეპიცენტრი, აქ უნდა ყოფილიყო განვითარება, შეხედეთ უპატრონო, გაჩერებული გაპარტახებული ბულვარი. ხეები ბათუმში და აქ ჩვენ მოვიტანეთ, როცა ივანიშვილს მიაქვს ხეები და არა მარტო ხეები მიაქვს ამ კაცს და ამ მთავრობას, შეიძლება ერთ დღეს გავიღვიძოთ ქვეყანაში რომელიც რომელიც მიითვისა რუსეთმა, ამისთვის ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ, ეს არის ქვეყანა, ჩვენ ოჯახში დაიბადა ამ სანაპიროს განვითარების იდეა იქ უნდა ყოფილიყო, ლაზიკა, ნახევარმილიონიანი ქალაქი, შავი ზღვის მარგალიტი, იქ უნდა ყოფილიყო ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი, უნდა ყოფილიყო ბათუმში მაგისტრალი და გზაზე საერთაშორისო აეროპორტი, ასეთი იყო ეს იდეა ლაზიკა.

ასევე მივმართო აფხაზ ძმებს და დებს, ამას თქვენთვისაც ვაშენებდით, რაც ჩვენს ოჯახში იხარშება, რაც იდეა დაიბადება, ეს აუცილებლად განხორციელდება და გამოცოცხლდება და აფხაზეთში დაინახავენ მომავალს ჩვენთან ერთად“, - განაცხადა სანდრა რულოვსმა.

მან აქვე ისაუბრა კორუფციაზე, ნეპოტიზმზე.

„გვყავს როგორც მაგალითი 3 ფეოდალი, ერთი გია დანელია საკრებულოს წევრი, რომელმაც ტელეფონით იმაზე ისაუბრა, რა მეთოდებით უნდა დავაშინოთ ზუგდიდელები არჩევნების დროს. მეორე ფეოდალი ძიმცეიშვილი რიყიდან, ესეც საკრებულოს წევრი და სირცხვილი, რომელმაც მიითვისა ათობით ჰექტარი რიყეში, ვისაც ძროხები ჰყავს, რომ საძოვრად გამოიყენოს. მესამე, ჩვენთვის ცნობილი ედიშერ თოლორაია, რომელმაც წამართვა მაჟორიტარული მანდატი 2016 წელს, რისთვის სჭირდებოდა, ეს იმიტომ რომ ხმა არ ამოეღო ზუგდიდელების დასაცავად პარლამენტში, რომ მისი 50 ნათესავი მუნიციპალიტეტის საშტატო ბალანსზეა და 300 ათასი ლარი იხარჯება მისი ოჯახის კეთილდღეობისთვის“, - განაცხადა სანდრა რულოვსმა.

მისი თქმით, მისი გამარჯვების შემთხვევაში ზუგდიდი გახდება საერთაშორისო დონის ქალაქი.

სანდრა რულოვსი ამბობს, რომ მას უკვე წინასწარ ულოცავენ გამარჯვებას.

„ხალხი მილოცავს წინასწარ. დღეს კიდევ შამპანურიც გახსნეს და ჩვენ ნამდვილად ვგრძნობთ, რომ გამარჯვებულია ჩვენი გუნდი, ზუგდიდი იქნება ივანიშვილის გარეშე და ივანიშვილის გარეშე იქნება მთელი საქართველო ძალიან მალე, ამის პირობას გაძლევთ, თუ აქ დავამარცხებთ ივანიშვილის რეჟიმს, ეს არის მისი დასასრულის დასაწყისი, 19 მაისს დროულად ვერ დაიძინებს ივანიშვილი, მთელი ღამე ინერვიულებს“, - განაცხადა სანდრა რულოვსმა.

განმუხურის ამფითეატრში, გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატმა სანდრა რულოვსმა, „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი გიორგი შენგელია დებატებში მიიწვია.

„ოცნების“ კანდიდატმა კი მას საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში დებატებისკენ მოუწოდა. რულოვსმა თქვა, რომ დებატებზე თანახმაა, ოღონდ არა ტელევიზიაში, არამედ ღია სივრცეში.