ახალი ამბები
ზუგდიდის 87-ე უბანთან „ქართული ოცნების“ ზონდერმა გაისროლა - ოპოზიცია
გაერთიანებული ოპოზიციის შტაბში აცხადებენ, რომ მათ იციან, ვინ გაისროლა ზუგდიდის 87-ე საარჩევნო უბანთან.

ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის, თინა ბოკუჩავას განცხადებით, ფოტოზე დაფიქსირებულია ავტომანქანის ნომერი, საიდანაც გასროლა მოხდა.

„ჩვენი წარმომადგენელი ზოია ქვარცხავა იმყოფებოდა კომისიის ტერიტორიაზე, როცა გაურკვეველი პირები გადმოვიდნენ მანქანიდან და განახორციელეს ჰაერში გასროლა პისტოლეტის ტიპის იარაღიდან. წინააღმდეგობის მიუხედავად, მან შეძლო დაეფიქსირებაინა მანქანის ნომერი. ჩვენ გაგვაჩნია ამსახველი ფოტომასალა. აღმოჩნდა რომ ეს იყო იგივე მანქანა, რომელიც იმყოფებოდა საარჩევნო კომისიის შენობაში 14 მაისს, როდესაც იყო მცდელობა მირანდა მესხის ორგანიზებით სიების გატაცების, რომელიც ჩვენ შემდეგ დავაბრუნებინეთ. ფაქტია, რომ ეს არის ორგანიზებული მცდელობა დააშინონ ოპოზიციის წარმომადგენელები. ფაქტია, რომ ეს ადამიანი არის „ქართული ოცნების“ ზონდერი, რომელიც ცდილობს ერთის მხრივ მოიპაროს, სიები, რისი საშუალება ჩვენ მას არ მივეცით და მეორეს მხრივ, იარაღის გასროლით დააშინოს ოპოზიციის ყველაზე აქტიური წარმომადგენლები. ეს მათ არ გაუვათ. ჩვენ მოვითხოვთ პოლიციისაგან, რომ დაისაჯონ ის ადამიანები ვინც მოახდინეს გასროლა. ასევე, ის ადამიანებიც ვინც გასცა ეს უკანონო ბრძანება.

ჩვენ ვიცით, რომ ამ მანქანის მფლობელი არის ირაკლი ჩანგელია, რომელიც დაბადებულია 1999 წელს. თუ ჩვენ გვაქვს ეს ინფორმაცია, იმედი გვაქვს, რომ პოლიცია მოახდენს დაუყონებლივ რეაგირებას“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.