ახალი ამბები
შესაძლებელია, მე აქ უკეთ ვხედავ, რა ხდება კონკრეტულ დღეს, ვიდრე სააკაშვილი - მელია
"ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი ნიკა მელია პარტიის დატოვებას არ გეგმავს. მისი თქმით, მართალია ბრძოლის სტრატეგიაზე განსხვავებული მოსაზრებები აქვთ, თუმცა ამ ყველაფერზე და საერთო პრინციპებზე თანხმდებიან. მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ფუჭი მოლოდინების შექმნა მიზანშეწონილი არ არის, ხელისუფლების შეცვლის კონკრეტულ თარიღებზე საუბარი.

მელია ამბობს, რომ უახლოეს პერიოდში მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრას გეგმავს. ოპოზიციონერის თქმით, ყოფილ პრეზიდენტთან კარგი ურთიერთობა აქვს. ხშირად კამათობენ, თუმცა ასევე ხშირად ემთხვევა მათი პოზიციები ერთმანეთს. ეს, განმარტავს - პარტიის მონაგარია და თუკი ვინმე უნდა იყოს კმაყოფილი ამ პროცესით, პირველ რიგში ექსპრეზიდენტი.

"იმიტომ, რომ დიახაც, შესაძლებელია, მე აქ უკეთ ვხედავ, რა ხდება კონკრეტულ მოცემულ დღეს, ვიდრე შესაძლებელია ჩვენი მეგობარი, ლიდერი ხედავდეს, რომელზეც უკანონოდ ხორციელდება პოლიტიკური დევნა", - განაცხადა ნიკა მელიამ.

მელიას თქმით, ის მომხრეა ყველანაირი აქციის, პროცესების რადიკალიზაციის, რომლის მიზანიც ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის დამარცხებაა. თუმცა ამბობს - თარიღის დაკიდება ერთ კონკრეტულ დღეს და დიდი მანიფესტაციის მოწყობა ისე, რომ იქიდან შედეგით ვერ წამოვალთ, იქნება მთელი ოპოზიციური მოძრაობის მარცხი.

ნიკა მელია არ ეთანხმება ზუგდიდის მერობის კანდიდატის მოსაზრებას, რომ ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება არჩევნებით არ შეიცვლება. მისი განმარტებით, ის, რომ თავად არიან გასაძლიერებლები, არ ნიშნავს ივანიშვილს დააბრალონ "უძლეველობა", და რომ ამ გზით ივანიშვილს თითქოს ვერ დაამარცხებენ.

მელიამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, განიხილავდა ზუგდიდის მერის რიგგარეშე არჩევნებში კანდიდატურის დაყენების საკითხს, თუმცა მას შემდეგ, რაც მისთვის ცნობილი გახდა, კენჭისყრა სანდრა რულოვსს სურდა, პირველი, ვინც მხარი დაუჭირა, თავად იყო.

ამბობს, რომ ვერც "სახელისუფლებო ორბიტაზე და ვერც ოპოზიციურ ფლანგზე" მყოფი ცალკეული პოლიტიკოსები მოესწრებიან განხეთქილებას ენმ-ში. მისივე თქმით, დღეს ღალატია ნებისმიერი კონფლიქტი, რომელიც განხეთქილებას გამოიწვევს, რადგან ერთობას ალტერნატივა არ აქვს. განაცხადა მელიამ გადაცემა "რეაქციაში" სტუმრობისას.

19 მაისს, არჩევნების დღეს სანდრა რულოვსმა განაცხადა, რომ თუ "ქართული ოცნება" არჩევნების პირველ ტურში თავს გამარჯვებულად გამოაცხადებდა, ხელისუფლება "საქვეყნო პროტესტს" მიიღებენ. ამ პოზიციას ნიკა მელია არ დაეთანხმა. მისი თქმით, არ შეიძლება წინდაუხედავი განცხადებები არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით. აღნიშნა ისიც, რომ ნებისმიერ ასეთ განცხადებას გუნდში, პარტიის შიგნით კომუნიკაცია უნდა უძღოდეს წინ და ერთიანი სამოქმედო გეგმის დასახვა.