ახალი ამბები
ფრთხილად იყვნენ, სასახლის ნაცვლად არ აღმოჩნდნენ ციხეებში - ღარიბაშვილი ოპოზიციაზე
„ქართული ოცნების” პოლიტიკურმა მდივანმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჩატარებულ შუალედურ რიგგარეშე არჩევნებზე ისაუბრა, მათ შორის ზუგდიდის მერის არჩევნებზე.

მიმართა ოპოზიციას, რომ ნებისმიერი ანტიკონსტიტუციური ქმედება იქნება სათანადოდ რეაგირებული.

„ოპოზიციური პარტია, ნაცმოძრაობა გამოვიდა ახალი გეგმით, რომ მათი ამოცანა არის, რომ რეგიონებში ფრონტის გაშლა, საპროტესტო აქციების ჩატარება და ა.შ. საბოლოო ჯამში, როგორც ქალბატონი რულოვსი აცხადებს, უნდათ რომ ბატონი ივანიშვილის სასახლესთან დაამთავრონ ეს აქცია. პირდაპირ მოწოდებები მოვისმინეთ რადიკალიზაციის მიმართულებით, ეს ძალიან ყურადსაღები, შემაშფოთებელია და ეს ადამიანები მინდა გავაფრთხილო, რომ ფრთხილად იყვნენ, რომ სასახლის ნაცვლად არ აღმოჩნდნენ უბრალოდ ციხეებში“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მისივე თქმით, ოპოზიციურ პარტიას არჩევნების დღეს, სურდა ზუგდიდში დესტაბილიზაციის მოწყობა.

„მთელი კამპანიის დროს ვისმენდით, რომ იქ რაღაც სასწაული უნდა მომხდარიყო, დაიხატა ასეთი სურათი, რომ იქ რაღაც დესტაბილიზაცია მოხდებოდა, მოხდებოდა არეულობა, ქაოსი, იყო საუბრები იმასთან დაკავშირებით, რომ უნდა ავადუღოთ სიტუაცია მაქსიმალურად არამხოლოდ ზუგდიში, არამედ ეს უნდა გადაედოს ყველა რეგიონს და ყველა ოლქს. ეს ნაცმოძრაობის ხელწერაა და მათი ლიდერიდან გამომდინარეობს ეს ყველაფერი. მინდა მოსახლეობას შევახსენო, რომ მათ დროს ჩატარებული არჩვენები იყო ძალადობრივი, გვახსოვს, რომ მათ მიერ იყო ორგანიზებული ტერორისტული აქტი, ჩვენი მოსახლეობის წინააღმდეგ ე.წ. ხურჩის ტერაქტი“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

20 მაისს გაერთიანებული ოპოზიციის ზუგდიდის მერობის კანდიდატმა სანდრა რულოვსმა განაცხადა, რომ საპროტესტო ტალღა ზუგდიდიდან უნდა დაიწყოს, რომელიც შემდეგ გადაედება მთელ ქვეყანას და დასრულდება მთაწმინდაზე, ბიძინა ივანიშვილის შუშის სასახლესთან.

„ჩვენ მოვითხოვთ მის წასვლას ამ ქვეყნიდან. უნდა დაგვანებოს თავი, იმიტომ, რომ მისი მოქმედება და მისი ე.წ. მმართველობა არის უკვე ყველანაირ ზღვარს გადასული. ჩვენ ივანიშვილს არ უნდა ჩავატარებინოთ არჩევნები. იმიტომ, რომ არ შეუძლია. ვერ ატარებს არჩევნებს. ამიტომ, ჩვენ ყველანი უნდა დავირაზმოთ. მთელი ქვეყნის მასშტაბით არ დავტოვებ არცერთ ქუჩას, უბანს, სოფელს და ქალაქს. ყველანი ერთად ხელიხელჩაკიდებული უნდა მივიდეთ თბილისამდე და მოვაშოროთ ივანიშვილი ამ ქვეყანას“, - განაცხადა სანდრა რულოვსმა.