ახალი ამბები
26 მაისისთვის ზუგდიდში თამარ მეფეზე საინფორმაციო აბრები გააკრეს [ფოტო]
დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი კამპანიის ფარგლებში ზუგდიდში, კომბინატის დასახლებაში, თამარ მეფის ქუჩაზე საინფორმაციო აბრები გადააკრეს ქუჩის ნომრებს. ეს აბრები მოკლედ შეგვახსენებს იმ ეპოქის სიძლიერეს, რომელიც "ოქროს ხანად" იწოდება. ისტორიული ექსკურსის პარარლურად, აქ ვხედავთ თავად პირველი ქალი მეფის დახასიათებას მისი დამსახურებების მიხედვით.

მაგალითად - "ტრაპიზონის იმპერიის შემქმნელის გამზირი", "შამქორის და ბასიანის ბრძოლების ტრიუმფატორის გამზირი", "აფხაზთა, ქართველთა, რანთა, კახთა და სომეხთა, შირვანთა და შაჰანშათა და ყოვლისა აღმოსავლეთისა და დასავლეთის მბრძანებლის გამზირი", - ამ შინაარსის წარწერებს ნახავთ ლურჯ აბრებზე.

სამეგრელო-ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში "ლაივპრესს" უთხრეს, რომ 26 მაისთან დაკავშირებით, ქვეყნის მასშტაბით, მთავრობის ინიციატივით მიმდინარე კამპანიის ფარგლებში, აბრები თამარ მეფის ქუჩაზე რამდენიმე დღით გაიკრა.

"ეს არის 26 მაისის კამპანიის "გააზიარე ცოდნა" ნაწილი, რომ მოქალაქეთა ყურადღება მიიქციოს ამა თუ იმ ქუჩამ. ამ შემთხვევაში საუბარია თამარ მეფის ქუჩაზე. მეტი ინფორმაცია რომ ჰქონდეთ ადამიანებს თამარ მეფის შესახებ, ამიტომაც მოხდა აქ ამ აქციის ჩატარება", - განმარტეს რწმუნებულის ადმინისტრაციაში.

მათივე თქმით, შესაძლოა მსგავსი საინფორმაციო აბრები სხვა ქუჩებშიც გამოჩნდეს, რომლებსაც დღესასწაულის შემდეგ ჩამოხსნიან.